„ნაციონალურ მოძრაობას“ სირცხვილის დერეფანი მოვუწყვეთ – ზუგდიდის საკრებულოს წევრი “ოცნებიდან”

658

სირცხვილის დერეფანი მოვუწყვეთ “ნაციონალურ მოძრაობას” იმ უმსგავსოებების გამო, რაც მათ ჩაიდინეს თავიანთი მმართველობის პერიოდში, – ამბობს საკრებულოს წევრი ზაზა პროკოპენკო სამტრედიასთან, თბილისში მიმავალი აქციის მონაწილეების დახვედრაზე. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი გამოირჩეოდა ადამიანთა წამებით, ტერორით, უფლებების უხეში დარღვევით.

“ადამიანს ადამიანად არ თვლიდნენ და მე არ მინდა ასეთ ძალასთან რაიმე კომპრომისზე წავიდე და სასირცხვილო ძალაა, ამას კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი”, – უთხრა ზაზა პროკოპენკომ “ლაივპრესს”.

ამბობს, რომ ექსპრომტად გადაწყვიტეს, “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად, ამ ფორმით გაეცილებინათ ენმ-ის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები თბილისის აქციაზე. ცოცხი კი იმიტომ მიიტანეს, რომ ეს მათი “მმართველობის სიმბოლოა”.

რატომ დახვდნენ სამტრედიაში და არა ზუგდიდის გასასვლელში, ამბობს, რომ იცოდნენ, მთელი რეგიონიდან მიდიოდნენ მანიფესტანტები, ამიტომ, ყველას ერთად უთხრეს – არა ნაციონალურ მოძრაობას, არა ადამიანის უფლებების უხეშ დამრღვევ პარყიას და თავისუფლება და მშვიდობა საქართველოს.

რაც შეეხება გინებას, ზაზა პროკოპენკოს თქმით, ენმ-ის წარმომადგენელთა მხრიდან იყო შეურაცხყოფები და ზოგიერთმა მათი მხრიდანაც ალბათ თავი ვერ შეიკავა.

ენმ-ის წარმომადგენელ ანა წითლიძის განცხადებით, სამეგრელოდან თბილისში, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მიმავალი კოლონები 30 ადამიანმა გააჩერა სამტრედიასთან და გზა გადაუკეტეს ცოცხებით ხელში. მათ შორის იყვნენ საკრებულოს წევრებიც.

სამეგრელოდან თბილისში, 18:00 საათზე დაანონსებული აქციის მონაწილეები დღეს დილით გაემგზავრნენ.

დღეს, 14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი და ამ მოთხოვნის მხარდამჭერი ადამიანები შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელიაა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა.  მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.