სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომელსაც სახელმწიფო რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებში ფლობს

879

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ისეთ მცირემიწიან მუნიციპალიტეტებშიც კი, როგორიც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთშია, სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მის ტერიტორიაზე არსებული მიწების გადაცემას ამ დრომდე არ ჩქარობს. არადა, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, ჯერ კიდევ 2017 წლის 1 იანვრამდე ამ ქონების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის გრაფიკი უნდა შეედგინა და პროცესი დაეწყო. მოგვიანებით, 2019 წელს დამტკიცებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიით, ეკონომიკის სამინისტრომ ხელახლა აიღო ვალდებულება, რომ თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული ქონების ნაწილს მაინც მუნიციპალიტეტებს გადასცემდა.

შეუსრულებელი ვალდებულებების პარალელურად, ვხედავთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო მიწების უდიდესი მეპატრონე ისევ ეკონომიკის სამინისტროა, რომელიც ამ ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვას ვერ ახერხებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მისი რეალური მეპატრონისთვის გადაცემასაც არ ჩქარობს.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით ხდება ცნობილი, 2020 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ჯამურად 718 ჰა ფართობის 1 567 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფლობს. მათგან 309 ნაკვეთზე შენობა-ნაგებობაა განთავსებული.

როგორც ირკვევა, სახელმწიფო ყველაზე მეტ არასასოფლო-სამეურნეო მიწას ონის მუნიციპალიტეტში ფლობს. აქ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე 253 ჰა ფართობის 502 მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. მათგან 54-ზე კი შენობა-ნაგებობა დგას.

მეორე ადგილზე ცაგერის მუნიციპალიტეტია, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში 228 ჰა ფართობის 460 მიწის ნაკვეთია, რომელთაგანაც 99-ზე შენობა-ნაგებობაა განთავსებული.

მესამე ადგილზე ლენტეხის მუნიციპალიტეტია. აქ ეკონომიკის სამინისტრო 118 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 264 მიწის ნაკვეთს ფლობს. 264-დან შენობა-ნაგებობა კი ამ დრომდე 40 მიწის ნაკვეთზეა შემორჩენილი.

ლენტეხს მცირედით ჩამორჩება ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში 117 ჰა ფართობის 341 მიწის ნაკვეთია რეგისტრურებული. მათგან 116-ზე კი შენობა-ნაგებობა დგას.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, აქ მდგომარეობა, ტრადიციულად, კიდევ უფრო რთულადაა: 4 მუნიციპალიტეტში, ჯამურად, 15 664 ჰა ფართობის 3 190 მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაშია, მათგან 2 258 ჰა საძოვარია. 

როგორც ირკვევა, ყველაზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწას ეკონომიკის სამინისტრო ცაგერის მუნიციპალიტეტში ფლობს. აქ ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე 5 384 ჰა ფართობის 1 117 მიწის ნაკვეთია, საიდანაც 412 ჰა საძოვარია.

მეორე ადგილზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტია, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში 4 817 ჰა ფართობის 646 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია. აღმოჩნდა, რომ ამ მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ყველაზე მეტ საძოვარს ფლობს – რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებიდან 1 448 ჰა ფართობის 21 ნაკვეთი სწორედ საძოვარია.

ონის მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 980 ჰა ფართობის 612 მიწის ნაკვეთით, მესამე ადგილზეა. ამ ნაკვეთებიდან 27 კი, 398 ჰა ფართობით, საძოვარია.

ყველაზე მცირე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას – 1 482 ჰა ფართობს (815 მიწის ნაკვეთი) ქონების ეროვნული სააგენტო ლენტეხის მუნიციპალიტეტში ფლობს. ამ უწყების ინფორმაციით, მის საკუთრებაში არცერთი საძოვარი არ არის.

ჯამში, მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 4 მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს საკუთრებაში 16 383 ჰა არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4 757 მიწის ნაკვეთია, რომლის გადაცემასაც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის არავინ ჩქარობს.