რამდენ ჰექტარ მიწას ფლობს ეკონომიკის სამინისტრო სამეგრელოში, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის არ გადაუცია

1069

შემდეგი სტატია

როგორც გახსოვთ, საქართველოს მთავრობამ, რომელმაც დეცენტრალიზაციის სტრატეგია ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა, ვალდებულება აიღო, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ნაწილი საკუთრებაში ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაეცა, თუმცა, ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს ამ მიმართულებით ნაბიჯი, ფაქტობრივად, არ გადაუდგამს.

droa.ge დაინტერესდა, რამდენ ჰექტარ სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ფლობს სახელმწიფო მუნიციპალიტეტებში, ქონებას, რომელსაც ვერც თვითონ განკარგავს ეფექტურად და არც ადგილობრივ თვითმმართველობებს აძლევს შესაძლებლობას, მათ ტერიტორიაზე არსებული ქონება ეკონომიკურ აქტივობაში ჩართონ.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით ხდება ცნობილი, 2020 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტში ჯამურად 28 845 ჰა ფართობის 5 282 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფლობს. მათგან 2 359 ნაკვეთზე შენობა-ნაგებობაა განთავსებული.

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან სახელმწიფო ყველაზე მეტ არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს ხობის მუნიციპალიტეტში ფლობს. ამ მუნიციპალიტეტში ქონების ეროვნული სააგენტოს სახელზე 16 591 ჰა ფართობის 919 მიწის ნაკვეთი ირიცხება, მათგან 285-ზე შენობა-ნაგებობაა განთავსებული.

მეორე ადგილზე სენაკის მუნიციპალიტეტია, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში 4 015 ჰა ფართობის 584 მიწის ნაკვეთია, მათ შორის, 376-ზე, ასევე, შენობა-ნაგებობა დგას.

სენაკს მოსდევს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. გამოთხოვილი ინფორმაციიდან ცნობილი ხდება, რომ ამ მუნიციპალიტეტში ქონების ეროვნული სააგენტო 3 698 ფართობის 1 338 მიწის ნაკვეთს ფლობს. მათგან 487-ზე შენობა-ნაგებობაა განთავსებული.

თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო საკუთრებაში 1 452 ჰა ფართობის 475 მიწის ნაკვეთია, საიდანაც 171-ზე შენობა-ნაგებობა დგას.

რაც შეეხება მესტიას, აქ სახელმწიფო ქონების სააგენტო 361 მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელთა ჯამური ფართობიც 1 410 ჰექტარია. აქედან 58 ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა დგას.

აბაშაში სახელმწიფო საკუთრებაში 654 ჰა ფართობის 339 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია. ამ მიწის ნაკვეთებიდან 215-ზე აქაც შენობა-ნაგებობებია განთავსებული.

მარტვილის მუნიციპალიტეტში 465 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის სახელმწიფოს, რაც ჯამში 523 ჰექტარია. 262 მიწის ნაკვეთზე კი შენობა-ნაგებობაა განთავსებული.

წალენჯიხაში 304 ჰა მიწის ფართობი ირიცხება ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე. ეს მთლიანად 493 მიწის ნაკვეთია და მათგან 281 შენობა-ნაგებობითაა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან სახელმწიფო ყველაზე ნაკლებს – 192 ჰა-ს ფლობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. 308 მიწის ნაკვეთიდან 224-ზე კი შენობა-ნაგებობა დგას.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, აქ მდგომარეობა კიდევ უფრო რთულადაა: 9 მუნიციპალიტეტში, ჯამურად, 71 388 ჰა ფართობის 20 327 მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაშია, მათგან 825 ჰა საძოვარია.

როგორც ირკვევა, ყველაზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწას სახელმწიფო მესტიის მუნიციპალიტეტში ფლობს. აქ მას 18 684 ჰა ფართობის 968 მიწის ნაკვეთი, მათ შორის, 325 ჰა საძოვარი ეკუთვნის.

მეორე ადგილზე ხობის მუნიციპალიტეტია, სადაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე 9 684 ჰა ფართობის 2 708 მიწის ნაკვეთია. მათგან 42 – 115 ჰა ფართობის საძოვარია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს 9 589 ჰა ფართობის 3 727 მიწის ნაკვეთი აქვს. აქედან 9 ჰა საძოვარია.

8 924 ჰა ფართობის 4 579 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფლობს სახელმწიფო მარტვილის მუნიციპალიტეტში. ამ მიწებიდან 15 ნაკვეთი, 7 ჰექტრის ოდენობით, საძოვარია.

სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში 8 711 ჰა 2 335 მიწის ნაკვეთია, საიდანაც 83 ნაკვეთი, 278 ჰექტარი, საძოვარია.

აბაშის მუნიციპალიტეტში ქონების ეროვნულ სააგენტოს 7 649 ჰა ფართობის 2 196 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის. მათგან 38 ჰა საძოვარია.

რაც შეეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს, აქ სახელმწიფო 4 394 ჰა მიწას ფლობს, ჯამში, 1 740 ნაკვეთს. აქედან მხოლოდ 4 ჰექტარია საძოვარი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე 3 501 ჰა ფართობის 2 065 სასოფლო-სამეურნეო მიწაა. მათგან 12 ჰა კი საძოვარია.

სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს თვითმმართველ ქალაქ ფოთშიც კი ფლობს. ამ მუნიციპალიტეტში მას 248 ჰა 9 მიწის ნაკვეთი აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ნაკვეთებიდან ერთი – 33 ჰა საძოვარიც კია.

ჯამში, მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს საკუთრებაში 100 233 ჰა არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 25 609 მიწის ნაკვეთია, რომლის გადაცემასაც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის არავინ ჩქარობს.