რამდენ ჰა მიწას ფლობს სახელმწიფო იმერეთის მუნიციპალიტეტებში

845

წინა სტატია

ქვეყანაში არსებული სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უდიდესი მფლობელი კვლავ სახელმწიფოა. ეკონომიკის სამინისტრო ამ დრომდე ვერც ამ მიწების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვას ახერხებს და არც იმათ გადასცემს, ვისაც რეალურად უნდა ეკუთვნოდეს – მუნიციპალიტეტებს.

droa.ge-მ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ჰა მიწაა სახელმწიფო საკუთრებაში.

მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ მხოლოდ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში 5 284 ჰა არასასოფლო და 57 258 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ფლობს.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით ხდება ცნობილი, 2020 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ჯამურად 5 284 ჰა ფართობის 5 961 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფლობს. მათგან 2 611 ნაკვეთზე შენობა-ნაგებობაა განთავსებული.

ყველაზე მეტი არასასოფლო მიწა სახელმწიფოს, როგორც მოსალოდნელი იყო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აქვს. აქ ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე 1 200 ჰა ფართობის 843 მიწის ნაკვეთია. მათგან 376 ნაკვეთზე შენობა-ნაგებობაა განთავსებული.

903 ჰა ფართობის 593 მიწის ნაკვეთს ფლობს სახელმწიფო თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში. მათ უმეტესობაზე – 332 ნაკვეთზე ამ დრომდე დგას შენობა-ნაგებობები.

ქუთაისის შემდეგ ყველაზე მეტი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სახელმწიფოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ეკუთვნის – აქ 574 ჰა ფართობის 309 მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. მათგან 155-ზე კი, ასევე, შენობა-ნაგებობებია განთავსებული.

მეოთხე ადგილზე სამტრედიის მუნიციპალიტეტია, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში 532 ჰა არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, ჯამში 513 ერთეული, საიდანაც 278 შენობა-ნაგებობითაა დატვირთული.

სამტრედიას მოსდევს თერჯოლის მუნიციპალიტეტი. აქ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 521 ჰა ფართობის 500 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის. შენობა-ნაგებობა კი 233 მათგანზე დგას.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რომელიც ხელისუფლებამ, თურმე, ტურისტულ ცენტრად უნდა აქციოს, სახელმწიფოს 357 ჰა მიწა ეკუთვნის, საერთო რაოდენობა კი 391 ერთეულია.187 მიწის ნაკვეთზე კი აქაც შენობებია განთავსებული.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 283 ჰა ფართობის 791 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია სახელმწიფო საკუთრებაში. მათგან 304 ნაკვეთი ასევე შენობა-ნაგებობითაა დატვირთული.

269 ჰა ფართობის 839 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ქონების ეროვნულ სააგენტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. 148 მათგანზე – შენობა-ნაგებობით.

ხონის მუნიციპალიტეტში ამავე უწყების ბალანსზე 262 ჰა მიწაა. მისი ჯამური რაოდენობა 296 ერთეულია, საიდანაც 172-ზე დგას შენობა-ნაგებობა.

12 მუნიციპალიტეტიდან მეათე ადგილზეა საჩხერის მუნიციპალიტეტი. აქ სახელმწიფო საკუთრებაში 146 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 328 მიწის ნაკვეთია. მათგან 104 კი შენობა-ნაგებობაა განთავსებული.

ვანის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში 124 ჰა მიწაა რეგისტრირებული. ჯამში ეს 293 მიწის ნაკვეთია, საიდანაც 205-ზე შენობა-ნაგებობა დგას.

ყველაზე ცოტა – 106 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 265 ნაკვეთს სახელმწიფო ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფლობს, მათგან 117 კი შენობა-ნაგებობითაა დატვირთული.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, აქაც სახელმწიფოს საკუთრებაში კიდევ უფრო მეტი მიწა აქვს: 12 მუნიციპალიტეტში, ჯამურად, 57 258 ჰა ფართობის 26 344 მიწის ნაკვეთი სახელმწოფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა, მათგან 938 ჰა საძოვარია.

იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა სახელმწიფოს ისევ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ეკუთვნის – აქ ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანზე 8 605 ჰა ფართობის 3 224 მიწის ნაკვეთია. როგორც ირკვევა, ამ მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში 346 ჰა ფართობის 16 საძოვარიცაა.

მეორე ადგილზე თერჯოლის მუნიციპალიტეტია. აქ ეკონომიკის სამინისტრო 7 563 ჰა ფართობის 3 164 მიწის ნაკვეთს ფლობს. მათგან 45 ჰა საძოვარია.

თერჯოლას მცირედით ჩამორჩება ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში 7 230 ჰა ფართობის 1 661 მიწის ნაკვეთია. მათგან საძოვარი კი მხლოდ 2 ჰექტარი ყოფილა.

საჩხერის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ეკუთვნის 6 045 ჰა ფართობის 1 238 მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც 34 ჰა (31 ნაკვეთი) საძოვარია.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანზე 5 016 ჰა ფართობის 4 222 მიწის ნაკვეთია. მათგან 41 ჰა საძოვარია.

მეექვსე ადგილზეა ხონის მუნიციპალიტეტი, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში 4 921 ჰა ფართობის 1 881 მიწის ნაკვეთია. აქედან საძოვარს 36 ჰა უკავია.

რაც შეეხება სამტრედიის მუნიციპალიტეტს, აქ 4 807 ჰა მიწა ეკუთვნის სახელმწიფოს. 2 139 მიწის ნაკვეთიდან 8 ნაკვეთი, ჯამში 50 ჰა, საძოვარია.

ისედაც მცირემიწიან ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების ეროვნული სააგენტო 4 744 ჰა ფართობის 2 645 მიწის ნაკვეთს ფლობს. უწყებისვე ინფორმაციით, ამ მიწის ნაკვეთებიდან საძოვარი არცერთი არ არის.

ერთი ჰექტრით ნაკლები – 4 743 ჰა ეკუთვნის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ვანის მუნიციპალიტეტში. მის მფლობელობაში აქ 3 114 მიწის ნაკვეთია, საიდანაც 17 ნაკვეთი, 201 ჰექტარი საძოვრებს უკავია.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში 1 955 ჰა ფართობის 1 690 მიწის ნაკვეთია სახელმწიფო საკუთრებაში. აქედან 179 ჰა საძოვარია.

მე-11 ადგილზეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სადაც ეკონომიკის სამინისტრო 1 623 ჰა მიწას, ჯამში 1 366 მიწის ნაკვეთს ფლობს. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახელმწიფოს ამ მუნიციპალიტეტში საკუთრებაში არცერთი საძოვარი არ აქვს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო ადგილზე ქუთაისია – თვითმმართველ ქალაქში სახელმწიფო საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები არ არის.

ჯამში, მხოლოდ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს საკუთრებაში 62 542 ჰა არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 32 305 მიწის ნაკვეთია, რომლის თვითმმართველობასთან გაყოფასაც ეკონომიკის სამინისტრო არ ჩქარობს.