გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” კოორდინატორის, ლევან თათოშვილის დედა, მარინა აბულაძე, რომელიც გუშინ, 25 აგვისტოს სამსახურიდან გაათავისუფლეს, ამბობს, რომ მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა დასთან (საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ აბულაძე) ერთად კაბინეტში 24 აგვისტოს დაიბარა და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვა, მიზეზად კი მათი „პოლიტიკურად არასანდოობა“ დაასახელა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„მე და ჩემი და გუბერნატორმა 24 აგვისტოს, 5 საათზე დაგვიბარა და კატეგორიულად მოგვთხოვა, რომ განცხადებები უნდა დაგვეწერა. თქვა, რომ არ ვიყავით პოლიტიკურად სანდო ადამიანები და ვავრცელებდით პარტიის ძირის გამომთხრელ ინფორმაციებს, რაღაც მსგავსი კონტექსტით გვითხრა“, – ამბობს ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების უკვე ყოფილი იურისტი, მარინა აბულაძე.
მისივე თქმით, შეხვედრის დროს ამირანაშვილმა შვილის, ლევან თათოშვილის პოლიტიკური აქტიურობის შესახებაც ჰკითხა.
„განცხადების დაწერა მოგვთხოვეს, მინიშნება მომცა, რომ თქვენი შვილი არის პოლიტიკურ აქტივობაში ჩართულიო, მე კი ვარ დედა, მაგრამ მეც არ ვიცოდი ეს ამბავი, არაფერი არ გვითქვამს წამოვედით გაოგნებულები. იმავე საღამოს, კიდევ განმეორებით მოითხოვეს განცხადებები, არ დავწერეთ. მეორე დღეს შვებულებებზე განცხადებები დავწერეთ მეც და ჩემმა დამაც, მაგრამ არ დაგვიკმაყოფილეს და შემდეგ დაწერეს სრულიად უკანონო ბრძანებები ჩვენი განთავისუფლების თაობაზე“, – ამბობს აბულაძე.
მისი თქმით, მხარის რწმუნებულმა ბოლოს უთხრა, რომ თუ „კარგად იმუშავებთ“ ოქტომბერში მათ საკითხს განიხილავდნენ.
„კატეგორიულად მოგვთხოვა, რომ უნდა წავსულიყავით, თუმცა თქვა, რომ თუ კარგად ვიმუშავებთ ოქტომბერში ვნახავთ. მე ვერ მივხვდი რას ნიშნავს, ოქტომბერში ვნახოთო“, – ამბობს იგი.
აღნიშნულ საკითხზე “სამხრეთის კარიბჭე” სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს დაუკავშირდა, მაგრამ მან ტელეფონი გაგვითიშა, ადგილზე მისულს კი გვითხრეს, რომ რწმუნებული სამსახურში არ იმყოფება.
ვერ დავუკავშირდით ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს, გელა ნოზაძეს და ააიპ ბაღების გაერთიანების დირექტორს, მარინა მერაბიშვილსაც. არც ერთი მათგანი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
მარინა აბულაძე დანებებას არ აპირებს და გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრებას გეგმავს.
„უკვე მიდის მუშაობა, გასაჩივრდება აუცილებლად . მივმართეთ სახალხო დამცველსაც, ახალგაზრდა იურისტებსაც, ყველა არასამთავრობო ჩართულია ამ თემაში. იურისტი გახლავართ და ბოლომდე მივიყვან საქმეს, ვიბრძოლებ“.
შეგახსენებთ, რომ ლევან თათოშვილმა სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მხრიდან დედისა და დეიდის მიმართ ზეწოლასა და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის შესახებ ბრიფინგი გუშინ 25 აგვისტოს გამართა.
მარინა აბულაძე წლების განმავლობაში ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში იურისტად მუშაობდა, თამარ აბულაძე კი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო. ორივე მათგანი სამსახურიდან გუშინ, 25 აგვისტოს გაათავისუფლეს.