სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ამბობს, რომ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, კომენტარს არ გააკეთებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ამ საკითხზე არ ვაკეთებ კომენტარს, რაც შეეხება განთავისუფლების თემას, შესაძლებელია სასამართლოში იდავონ, დღეს გვაქვს დამოუკიდებელი თავისუფალი სასამართლო, ნებისმიერს შეუძლია რომ სასამართლოში გაარკვიოს სიმართლე“,–განაცხადა ამირანაშვილმა.
თანამშრომლის გათავისუფლების საქმეზე, კომენტარი არ გააკეთა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძემაც. ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელთან, მარინა მერაბიშვილთან კი რედაქციამ დაკავშირება ვერ შეძლო, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ რეგიონში გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელმა, ლევან თათოშვილმა სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მხრიდან დედისა და დეიდის მიმართ ზეწოლასა და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის შესახებ ბრიფინგი 25 აგვისტოს გამართა.
თათოშვილის დედა,მარინა აბულაძე წლების განმავლობაში ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში იურისტად მუშაობდა, თამარ აბულაძე კი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო. ორივე მათგანი სამსახურიდან 25 აგვისტოს გაათავისუფლეს.