ახალციხეში სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო პირები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ

467

ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსი და ბაღების გაერთიანების იურისტი სამსახურებიდან გათავისუფლების გასაჩივრებას გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ, მათ ინფორმაცია თავად მოგვაწოდეს. ამის შესახებ toktv.ge წერს

მათი მტკიცებით, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მანამ კი შესაძლო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შესახებ  განცხადება გახარიას პარტიის სამცხე-ჯავახეთის აქტივისტმა, ლევან თათოშვილმა გაავრცელა.

თათოშვილის თქმით, მიმდინარეობს სარჩელის მომზადება და უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავენ.

ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ამავე უწყებაში დასაქმებული, ივანე მოდებაძეა, — ამის შესახებ ინფორმაცია თავად მოდებაძემ დაგვიდასტურა.

შეგახსენებთ, რომ თათოშვილმა რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე თქვა, რომ მისი დედა და დეიდა მხარის რწმუნებულმა დაიბარა და სამსახურის დატოვება მოსთხოვა, მიზეზად კი პოლიტიკური არასანდოობა დაუსახელა. ბრიფინგიდან რამდენიმე საათში კი აღნიშნული პირები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მომხდართან დავკავშირებოდით მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, კომენტარს დღემდე არ აკეთებს.  ჩვენ ზარებს არც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პასუხობს. თემაზე კომენტარის გაკეთება არც საკრებულოს თავმჯდომარემ ისურვა.