ბულვარის სანაპიროზე სასტუმრო „ლემერიდიანისთვის“ ტერიტორიის იჯარით გადაცემის საკითხი ბათუმის საკრებულომ დღის წესრიგიდან ამოიღო

587

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ბათუმის ბულვარის სანაპიროზე სასტუმრო „ლემერიდიანისთვის“ ტერიტორიის იჯარით გადაცემის საკითხი ბათუმის საკრებულომ განსახილველი საკითხების დღის წესრიგიდან ამოიღო.

გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რასაც მხარი ერთხმად დაუჭირეს.

სულიკო თებიძის თქმით, საკითხის განხილვა მხოლოდ დროებით, ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე, გადაიდო.

„საკრებულომ დღეს საზოგადოების ზეწოლის შედეგად, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ასეთი საკითხები სწორედ საზოგადოების ჩართულობით უნდა წყდებოდეს. მე გადადებას მხარი დავუჭირე და იმედი მაქვს, ასეთი საკითხების განხილვა ასე გაგრძელდება“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძემ.

დღეს ბათუმის საკრებულოში აღნიშნული საკითხის გამო ხმაური იყო. დღის წესრიგიდან მის ამოღებას ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ითხოვდნენ. ასევე, მისი განხილვის წინააღმდეგ გამოვიდა ბულვარის მოქმედი დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე.