პროგრამა, რომელიც სოფლად მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას ცვლის – ქედის მუნიციპალიტეტი მონაწილეობითი ბიუჯეტირების მეორე ტალღისთვის ემზადება

1739

შემდეგი სტატია

საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მეთოდებს შორის ბოლო პერიოდში ყველაზე პოპულარული მონაწილეობითი ბიუჯეტირება გახდა. საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე წარმატებით დაინერგა პრაქტიკა, რომელიც მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ბრაზილიიდან დაიწყო და ნელ-ნელა მთელი მსოფლიო დაიპყრო. ამ პროცესის მთელი მაგია კი ისაა, რომ ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პროექტების ინიციატორი და მათ თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი აქტორი სწორედ მოქალაქეა. ეს ძალა კი მოქალაქეს დიდ სტიმულს აძლევს.

თავად მონაწილეობითი ბიუჯეტის ზოგადი პრაქტიკა შემდეგია: ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეთა ინიციატივებისთვის მუნიციპალურ ბიუჯეტში გარკვეულ თანხას ითვალისწინებს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, პროექტის სახით წარადგინონ საკუთარი იდეები, შემდეგ ეს იდეები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადაირჩევა, თუ რამდენად შეესაბამება ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს და კენჭისყრაზე დადგება. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ისევ მოქალაქე იღებს, როცა ხმის მიცემით ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ პროექტს გამოავლენს.

2020 წელს „მოქალაქის ძალის“ ძლიერი შედეგი კარგად დაინახეს ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა. ამ მუნიციპალიტეტში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერით, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელოვან პრაქტიკას ჩაეყარა საფუძველი. ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან ინტერესი კი, პანდემიით გამოწვეული მთელი რიგი შეზღუდვების მიუხედავად, უპრეცედენტოდ მაღალი იყო.

როგორ დაიწყო და წარიმართა პროცესი?

ქედის მუნიციპალიტეტმა მონაწილეობითი ბიუჯეტირებისთვის  მზადება  2019 წლიდან დაიწყო. GIZ-ის ექსპერტების ჩართულობით პროგრამის დასანერგად საჭირო სამართლებრივი დოკუმენტები მომზადდა, გადამზადდა თვითმმართველობის მოხელეთა დიდი ნაწილი, რის შემდეგაც შეიქმნა საბჭო, რომელიც პასუხისმგებელი იყო პროცესის ეფექტურად წარმართვაზე.

2020 წლის ბიუჯეტში მოქალაქეთა ინიციატივებისთვის მერიამ 300 000 ლარი გაითვალისწინა. საპილოტედ კი დაბა ქედისა და დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეულები შეირჩა და თითოეულისთვის ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. თუმცა, პანდემიამ, როგორც სხვა ყველაფერი, ეს პროცესიც შეაფერხა. აქტიური კამპანიის დაწყება და პროექტების მიღება გაზაფხულიდან იგეგმებოდა, მაგრამ მოქალაქეთა მიერ მერიაში ინიციატივების წარდგენა მხოლოდ აგვისტოში გახდა შესაძლებელი.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: ბიუჯეტი, რომელსაც მოქალაქე თავად გეგმავს – GIZ-ის მხარდაჭერით რუსთავში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა დაინერგა

საპროექტო იდეის რეგისტრაციისთვის მოქალაქეს, ან საინიციატივო ჯგუფს სპეციალურად შემუშავებული განაცხადის ფორმა უნდა შეევსო და მერიაში მისთვის მისაღები გზით წარედგინა – ელექტრონულად, ან წერილობით. მთავარი პირობა კი შემდეგი იყო: საპროექტო ინიციატივა ადმინისტრაციულ ერთეულში უნდა განხორციელებულიყო, მისი ბიუჯეტი 150 000 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო და, რაც მთავარია, პროექტის განხორციელებით საზოგადოებრივი სიკეთე უნდა შექმნილიყო.

თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ის პროექტი გაიმარჯვებდა, რომელიც ხმების ყველაზე მეტ რაოდენობას მიიღებდა, ხოლო, თუკი მისი ბიუჯეტი 150 000 ლარზე ნაკლები იქნებოდა და დარჩენილი თანხა მეორე ადგილზე გასულ პროექტსაც გასწვდებოდა, ისიც დაფინანსდებოდა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე იხსენებს, როგორ ნერვიულობდნენ თავადაც და მისი თანამშრომლებიც იმაზე, თუ როგორ გაამართლებდა პროგრამა, იქნებოდა თუ არა მოსახლეობა მზად, მიეღო სიახლე და ჩართულიყო პროცესში, თუმცა, საბოლოოდ, პროცესი იმდენად აქტიურად წარიმართა, რომ მერმა გადაწყვიტა, უკვე წელს პროგრამის არეალი გაფართოვდეს და მან მუნიციპალიტეტის ყველა დასახლება მოიცვას.

„ეს პილოტური პროექტი იყო და თავიდან მეფიქრებოდა კიდეც, როგორ წარიმართებოდა პროცესი. პროექტის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება და ლოჯისტიკა არ იყო იოლი საქმე, თუმცა, GIZ-ის აქტიური მხარდაჭერითა და განმახორციელებელი გუნდის დიდი ძალისხმევით, პროექტი ძალიან წარმატებული გამოდგა. ასევე, ვფიქრობდი, რომ იდეების მხრივ, შეიძლება, კარგი არჩევანი არ ყოფილიყო, თუმცა, ყველა პროექტი რომელიც გავიდა, საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. მოსახლეობას ძალიან მოეწონა ეს პროცესი და ჩართულობა დიდი იყო. დაბაში განსაკუთრებით ახალგაზრდებმა იაქტიურეს. მოქალაქეთა მაღალმა ჩართულობამ სტიმული მოგვცა, რომ 2021 წლისთვის ყველა დასახლებას მივცეთ საშუალება, მონაწილეობითი ბიუჯეტის ფორმატში შეარჩიონ თავისი სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტები“, – ამბობს ლევან გორგილაძე.

სტიმული, რომელიც მოსახლეობას მუნიციპალიტეტმა მისცა

 

დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქედის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეულია იმ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამაში მოქალაქეთა ჩართულობამ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დადო. თუმცა, ამისათვის მერიას, საკრებულოს და მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუხდათ – პანდემიის მიუხედავად, დაიგეგმა და განხორციელდა აქტიური საინფორმაციო კამპანია იმისათვის, რომ, პირველ რიგში, ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს მონაწილეობითი ბიუჯეტირება, თითოეულ მოქალაქემდე მისულიყო და უკვე შემდგომ გაეგოთ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ შეეძლოთ საპილოტე დასახლებებში მცხოვრებლებს სასურველი იდეის წარდგენა თუ მისი მხარდაჭერა. ამისათვის მუნიციპალიტეტმა, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ექსპერტების მხარდაჭერით, შექმნა საკომუნიკაციო სტრატეგია და დეტალურად გაწერა თითოეული ნაბიჯი, რასაც შედეგად მოქალაქეთა მაღალი ჩართულობა უნდა მოეტანა.

ქედის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე ამბობს, რომ პროცესის წარმატება დიდწილად სწორედ მოსახლეობასთან ეფექტურმა კომუნიკაციამ განაპირობა, ამიტომაც, იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებიც მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის დანერგვას ახლა იწყებენ, ურჩევს, სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბებას დიდი ყურადღება მიაქციონ.

„მონაწილეობითმა ბიუჯეტმა საშუალება მოგვცა, რომ მერიას და მოსახლეობას ერთად გვეზრუნა ჩვენი ყოფისა და გარემოს გაუმჯობესებაზე. მოსახლეობას ყოველთვის რჩება განცდა, რომ ის არ კეთდება, რაც მას სურს. მონაწილეობითი ბიუჯეტირება კი კარგ საშუალებას იძლევა, ყველაფერი თავად მოქალაქემ გადაწყვიტოს. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის გაწერა. ეს კომპონენტი ყველამ უნდა გაითვალისწინოს, თუ როგორ მივა მოსახლეობასთან საჭირო ინფორმაცია. GIZ გვერდში გვედგა ყველა ეტაპზე, როგორც მატერიალურად, ისე კონსულტაციებით. საინფორმაციო კამპანიისთვის საჭირო მთელი რიგი ფინანსური ხარჯი სწორედ GIZ-მა გასწია, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ბიუჯეტიდან ვიდეორგოლისა და სხვა საინფორმაციო მასალების დაფინანსება გაგვიჭირდებოდა. ჩვენ საერთო მიზნები გვქონდა და ერთობლივად მივაღწიეთ ამ მიზანს. მოსახლეობის ინფორმირების საქმეში დიდი დახმარება გაგვიწიეს აჭარაში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა“, – ამბობს ჯემალ ტაკიძე.

სწორედ აქტიური საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ქედის მერიაში დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეულიდან 11 იდეა შევიდა, მაგრამ შემდეგ რამდენიმე მსგავსი ინიციატივა გაერთიანდა და კენჭისყრის ეტაპზე 7 პროექტი გადავიდა. იდეები ეხებოდა გზების რეაბილიტაციას, სოფლის სახლის მოწყობას, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობას და სხვა საკითხებს. დაბა ქედაში კი 3 პროექტი უწევდა ერთმანეთს კონკურენციას: ბავშვთა გასართობი მოედანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სკვერში თავშეყრის ადგილის მოწყობა.

მართალია, აგვისტოში იდეები უკვე წარდგენილი იყო, თუმცა, ეპიდემიის მეორე ტალღის დაწყებისა და  აჭარის წითელ ზონად გამოცხადების გამო, ხმის მიცემის პროცესი გადავადდა. ინიციატივების ავტორებმა ეს პერიოდი აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარებისა და მხარდამჭერების მობილიზებისთვის გამოიყენეს.

კენჭისყრის შედეგები, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა…

მოსახლეობის ინტერესი და მერიის მოტივაცია იმდენად მაღალი იყო, რომ პროექტებისთვის ხმის მიცემა შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გადაწყდა. საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეს 3 დღის განმავლობაში შეეძლო საარჩევნო უბანზე მისვლა და ინიციატივებს შორის არჩევანის გაკეთება. მერიამ კარდაკარის პრინციპიც გამოიყენა და მათ, ვისაც უბანზე მისვლა არ შეეძლოთ, კომისიის წევრები ხმის მისაცემად სახლში აკითხავდნენ.

პანდემიის პირობებში არსებული მთელი რიგი გამოწვევების მიუხედავად, ხმის მიცემის პროცესში მოსახლეობის აქტივობა განსაკუთრებულად მაღალი იყო, დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა 79%-მა მიიღო, ხოლო დაბა ქედაში – 56%-მა.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, მაგდა პოპიაშვილი, რომელიც GIZ-ის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტს კოლეგებთან ერთად ეხმარებოდა, ამბობს, რომ მისთვის მოქალაქეთა ასეთი აქტიურობა გასაკვირი არ ყოფილა და იმედოვნებს, რომ მერია ამ შედეგის შენარჩუნებას მომავალშიც შეძლებს.

„მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის დასანერგად ქედის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება განსაკუთრებული ენთუზიაზმით ემზადებოდა. გადავამზადეთ მერიისა და საკრებულოს ძალიან ბევრი საჯარო მოხელე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის ყველა წარმომადგენელი. ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ ძალიან კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელსაც მუნიციპალიტეტი ზედმიწევნით მიჰყვებოდა; რაც მთავარია, ეს არ იყო საკითხისადმი ფორმალური მიდგომა. პირიქით, მერი და თითოეული მოხელე, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, ყველაზე კარგად აცნობიერებდნენ ამ პროგრამის სიკეთეებს. იმისათვის, რომ მოქალაქეების ინტერესი პროცესის მიმართ გაეღრმავებინათ, მოიძიეს ამ დასახლებებში მცხოვრები აზრის ლიდერები, შექმნეს მოხალისეთა მთელი გუნდი, რომელიც მოსახლეობას პროგრამის მნიშვნელობაზე ელაპარაკებოდა. ამიტომაც, შედეგი, რომელიც მოქალაქეთა მონაწილეობის მხრივ ქედამ აჩვენა, ზუსტად ასახავს იმ ძალისხმევას, რაც მუნიციპალიტეტმა და მონაწილეობითი ბიუჯეტირების საბჭომ ამ საქმეში ჩადო“, – ამბობს მაგდა პოპიაშვილი.

ხმის მიცემის შედეგად, დოლოგანში მოსახლეობამ 4 პროექტი შეარჩია. პროექტების საერთო ბიუჯეტი 150 000 ლარი იყო. დაბა ქედაში კი, ხმების 85%-ით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის იდეამ გაიმარჯვა, რომლის ბიუჯეტიც, ასევე, 150 000 ლარი იყო.

მარიეტა ჯაყელი, დაბა ქედაში გამარჯვებული იდეის ერთ-ერთი ინიციატორი: „დაბაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა ახალგაზრდების იდეა იყო. ჩვენი მიზანია, ისეთი სივრცე შეიქმნას დაბაში, სადაც გაერთიანებული იქნა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სივრცე შშმ პირებისთვის და ხანდაზმულებისთვის. პანდემიის მიუხედავად, შევძელით, რომ საინფორმაციო შეხვედრები ჩაგვეტარებინა, მერიამ ფლაერები დაგვიბეჭდა, კარდაკარ ვარიგებდით და ხალხს ჩვენს პროექტს ვაცნობდით. იმედი გვქონდა, რომ მოსახლეობა ჩვენს ინიციატივას მხარს დაუჭერდა. როცა მოსახლეობის გვერდში დგომას ხედავ, უფრო მეტი სტიმული გაქვს და ენთუზიაზმით აკეთებ საქმეს. ახლა შევეცდებით, ამ პროექტის განხორციელებას მივადევნოთ თვალი, თუ საჭირო იქნება ცენტრის მშენებლობის პროცესშიც აქტიურად ჩავერთვებით“.

გამარჯვებული პროექტებისთვის 2021 წელს ბიუჯეტში თანხა უკვე აისახა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამ წლის ბიუჯეტში დამატებით კიდევ 950 000 ლარია გათვალისწინებული მოქალაქეთა იდეებისთვის, რომელთა შერჩევაც წელსვე მოხდება. მერიამ ახლა უკვე მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლისთვის 10 000 ლარი გაითვალისწინა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიღებულ თანხას დაემატება. სოფელი კი ამ თანხით განსახორციელებელ პროექტებს მონაწილეობითი ბიუჯეტის მეთოდით შეარჩევს. ამასთან, თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი დამატებით 10 000 ლარს მიიღებს.

მონაწილეობითი ბიუჯეტის, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის მექანიზმის, დანერგვა მთავრობის მიერ 2019 წელს შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი მიიჩნევს, რომ ამ პროგრამის დანერგვით თვითმმართველობის უმთავრესი ფუნქცია – მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, ყველაზე უკეთ შესრულდება.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: “სოფელი მონდომებულია და თავისი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში” – საგარეჯოში მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვამ ახალი პერსპექტივები გააჩინა

„მოქალაქეთა მონაწილეობის მაჩვენებლის ზრდა გვსურს ყველა სახის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და განსაკუთრებით კი – მუნიციპალურ დონეზე. ამიტომ მონაწილეობის არსებული მექანიზმების წახალისებისთვის სხვადასხვა ღონისძიებას ვეძებთ. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩვენი განვითარების პარტნიორების (დონორების) მხარდაჭერით წარიმართა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი, რომელიც, პირველ რიგში, მოიცავდა ადგილობრივი ხელისუფლების სწავლებას, როგორ უნდა უზრუნველყონ მოსახლეობის ინფორმირება და მობილიზება, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის განაწილებაში. განსაკუთრებით, აჭარაში კარგად იმუშავა ამ სისტემამ. როგორც ვიცი, ქედაში მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია. განვითარების პარტნიორებს ძალიან დიდი როლი აქვთ ამ პროცესში, მოსახლეობასთან დიალოგის სწორად წარმართვის უნარების გაძლიერებაში უნდა დაეხმარონ მუნიციპალიტეტებს.  თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებისგან არის მზაობა, რომ მონაწილეობითი დაგეგმვისთვის ბიუჯეტებში თანხა გაითვალისწინონ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას გენდერული საჭიროებები იქნას გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირების  დროს ყველა ასაკობრივი ჯგუფის ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

მთელ ამ პროცესში, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში წარიმართა, განსაკუთრებული როლი ქვეყნის განვითარების პარტნიორს – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ეკუთვნის. სწორედ ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით შეძლო მუნიციპალიტეტმა პროცესის ეფექტურად წარმართვა და იმ შედეგის მიღწევა, რაც მას დღეს აქვს. გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, GIZ 1992 წლიდან ეხმარება საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. 2020 წლის 1 აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალ პროგრამის განხორციელება – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით,  პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს. მისი მიზანია, დაეხმაროს საჯარო დაწესებულებებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების უკეთ მიწოდებასა და მოქალაქეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.  ქედაში ამ მიზნის მისაღწევად დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმულია.

სტატია მომზადებულია გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორესა და მასში გამოთქმულ მოსაზრებებზე.