მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები უკვე დიდი ხანია, თანხმდებიან, რომ პირდაპირი დემოკრატია, ანუ მოქალაქის უშუალო მონაწილეობაზე დაფუძნებული მმართველობა, პრობლემების გადაჭრისა და ქვეყნის განვითარების ყველაზე ეფექტური გზაა. ამიტომაც, მმართველობის სხვადასხვა დონეზე სულ უფრო მეტად ინერგება ისეთი პროგრამები, რაც მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მეტად გაზრდის. ამის საჭიროება განსაკუთრებით აქტუალური ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეა, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობაა, პირველ რიგში, მმართველობის ის დონე, სადაც მოქალაქეებს ყველაზე მეტად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში.
სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება 30 წლის წინ ბრაზილიის ქალაქ პორტუ ალეგრიში გაჩენილი მონაწილეობითი ბიუჯეტირების იდეა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა განვითარდეს მათი ქალაქი თუ სოფელი.
პორტუ ალეგრის სოციალური რეფორმის იდეა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებისთვის სახელმძღვანელოდაც კი იქცა. ხელისუფლებებმა დაინახეს, რომ მოქალაქებთან სწორი კომუნიკაციითა და მათი საბიუჯეტო პროცესში რეალურად ჩართვით, არა მხოლოდ კონკრეტული საკითხების მოგვარება და ამით კმაყოფილების დონის ამაღლება, არამედ მთლიანად სოციალური გარემოს შეცვლა იყო შესაძლებელი.
ამიტომაც გახდა მონაწილეობითი ბიუჯეტის იდეა ასე გადამდები – მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ეს პროგრამა წარმატებით ხორციელდება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. ბოლო წლებში კი მმართველობის ამ საუკეთესო პრაქტიკამ საქართველოს მუნიციპალიტეტებშიც დაიწყო დამკვიდრება.
“ასეთი პროექტები ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია”
ერთ-ერთი, სადაც მონაწილეობითი ბიუჯეტირების სახით მოქალაქეთა ჩართულობის კარგი პრაქტიკა დაინერგა, რუსთავის მუნიციპალიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი 2020 წლის აგვისტოში დაიწყო და პანდემიის მეორე ტალღა და საპარლამენტო არჩევნები დაემთხვა, ის მაინც ეფექტურად წარიმართა და ნოემბრისთვის ყველა მნიშვნელოვანი ფაზა წარმატებით დასრულდა.
როგორც არაერთ სხვა მუნიციპალიტეტში, რუსთავშიც ახალი პროგრამის დანერგვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში” ტექნიკური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. მუნიციპალიტეტს ექსპერტულ დახმარებას GIZ-ის კონტრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაცია – “სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცენტრი” უწევდა. პროგრამის მდგრადობისთვის მომზადდა სამართლებრივი საფუძვლები, გამოიცა მერის ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესი და პროცედურები.
GIZ-ის პარტნიორი ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მუნიციპალიტეტისთვის შეთავაზებული იყო, რომ, პირველ ეტაპზე, მონაწილეობითი დაგეგმვისთვის ბიუჯეტში მხოლოდ 50 000 ლარი ყოფილიყო გათვალისწინებული და გამარჯვებულად 1 პროექტი გამოვლენილიყო, თუმცა, რუსთავში საკითხმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ მერიამ გადაწყვიტა, ქალაქის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში გამოვლენილიყო თითო გამარჯვებული პროექტი და, შესაბამისად, ქალაქის მასშტაბით 10 ინიციატივა დაფინანსებულიყო. თითოეული იდეის ბიუჯეტის ზედა ზღვრად კი 100 000 ლარი დაწესდა.
გამარჯვებული იდეების გამოსავლენად ელექტრონული ხმის მიცემა – ქალაქის არჩევანი
რუსთავში პროექტის აქტიური განხორციელება სექტემბერში დაიწყო. GIZ-ის მხარდაჭერით მომზადდა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას იდეების წარდგენა და შემდეგ ხმის მიცემა შეეძლო. ამ პლატფორმის ბმული განთავსებული იყო მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, პროექტის ფარგლებში მომზადდა პოსტერები, ფლაერები, ინფოგრაფიკული კლიპები, რომელიც მოქალაქეებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა.
პირველ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ინფორმირებისთვის პირისპირ შეხვედრები ტარდებოდა, თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, ასეთი ტიპის აქტივობები შეწყდა და საინფორმაციო კამპანია მხოლოდ სოციალური ქსელებითა და მედიასაშუალებებით გაგრძელდა.
მოქალაქეებს საპროექტო იდეების წარდგენა სექტემბრის თვეში შეეძლოთ. იმისთვის, რომ ინიციატივა კენჭისყრის ეტაპზე გადასულიყო, რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინა: ბიუჯეტი 100 000 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, საპროექტო იდეა უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში და განხორციელებულიყო ქალაქის ტერიტორიაზე; ასევე, ტექნიკურად შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მისი განხორციელება და, ამასთან, არ უნდა ყოფილიყო მიმდინარე, ან ადგილობრივი ბიუჯეტით შემდგომ წლებში გათვალისწინებული პროექტი.
სექტემბრის ბოლოს მოქალაქეთა იდეების წარდგენა დასრულდა და რამდენიმე დღეში მერიაში შექმნილი კომისიის მიერ მათი პირველადი, ე.წ. ტექნიკური გადარჩევა მოხდა. პირველ ეტაპზე რუსთავში 79 ინიციატივა დარეგისტრირდა, მაგრამ შერჩევის კრიტერიუმები მხოლოდ 7 ადმინისტრაციული ერთეულიდან შესულმა იდეებმა დააკმაყოფილა და შემდეგ ეტაპზე 15 საპროექტო განაცხადი გადავიდა. ინფორმაცია კი, თუ რა მიზეზით ვერ გადავიდა კენჭისყრის ეტაპზე ესა თუ ის ინიციატივა, მონაწილეობითი ბიუჯეტის ელექტრონულ პლატფორმაზე პროაქტიულად გამოქვეყნდა.
მიუხედავად დარეგისტრირებული იდეების რაოდენობისა, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა იმედოვნებს, რომ შემდგომში რუსთაველები უფრო მეტად გააქტიურდებიან. მას, ასევე, იმედი აქვს, რომ საპროექტო იდეები მხოლოდ ინფრასტრუქტურულ საკითხებს აღარ შეეხება და სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან სფეროებსაც მოიცავს.
“საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მოქალაქეები ძალიან აქტიურები იყვნენ. კვლავ დაგვჭირდება GIZ-ის დახმარება იმისთვის, რომ მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესებისთვის ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები დავნერგოთ. იმედი მაქვს, მომავალში ისეთი პროექტები იქნება წარმოდგენილი, რომელიც შეიძლება ათივე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავდეს. ვიწრო ჩარჩოებიდან გამოსვლა და ფართომასშტაბიანი დაგეგმარება უფრო პერსპექტიული და ეფექტის მომტანი იქნება. ასევე, მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არ უნდა იყოს აქცენტი და შემდგომ წლებში კულტურის მიმართულებითაც ველოდები ინიციატივებს. მომდევნო წლებში უფრო მასშტაბური სამუშაოების ჩატარება მოგვიწევს და აქაც GIZ-ის მხრიდან გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირება უფრო მდგრადი იყოს”, – ამბობს რუსთავის მერი.
რუსთავში იდეებისთვის ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული ფორმით, სპეციალურად შექმნილ ონლაინპლატფორმაზე ხდებოდა. კენჭისყრაში მონაწილეობა შეეძლო მხოლოდ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, იდენტიფიცირებისთვის კი, სისტემაში პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ, ამომრჩევლის გადამოწმება ცესკოს ვებგვერდზე ავტომატურად ხდებოდა. იმისთვის, რომ სხვისი პირადი ნომრის გამოყენება არ მომხდარიყო, მოქმედებდა სატელეფონო ვერიფიკაციაც და მხოლოდ მობილურ ტელეფონზე მოსული კოდით შეეძლო მოქალაქეს ხმის მიცემის პროცესის გაგრძელება. ამასთან, აკრძალული იყო ერთი და იმავე სატელეფონო ნომრით ორჯერ ხმის მიცემა – სისტემა მეორე მცდელობას ბლოკავდა. ასევე კონტროლდებოდა, რომ ერთი IP მისამართიდან ბევრი ხმა არ დაფიქსირებულიყო.
კენჭისყრის შემდეგ რუსთავში 10 იდეა დაფინანსდა. ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში გამარჯვებული ხდებოდა ის ინიციატივა, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა მიღებული. იმის გამო, რომ ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან არ იყო იდეები წარმოდგენილი, მათი კვოტა სხვებზე გადანაწილდა და რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში ორი იდეა დაფინანსდა. ათივე პროექტის საბოლოო ბიუჯეტმა კი 477 000 ლარი შეადგინა.
ლევან კავთიაშვილი, რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი: “ამ პროექტის განხორციელების დროს მოსახლეობისგან ისეთი დადებითი განწყობა წამოვიდა, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირება მომავალ წლებშიც აუცილებლად გაგრძელდება, იქნება ეს GIZ-ის დახმარებით, თუ თავად მუნიციპალიტეტის მიერ დამოუკიდებლად წარმართული. წელს პროექტებს ვიზუალიზაცია აკლდა, უკეთესად რომ შეფასდეს იდეა, კარგი იქნება, პლატფორმაზე სურათების ატვირთვის საშუალებაც იყოს. იდეები რომ გადავარჩიეთ, სანამ კენჭისყრაზე გავიტანდით, მანამდე შევხვდით ინიციატივების ავტორებს, ადგილზე შევისწავლეთ ყველა საკითხი და ტერიტორია, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რა დაჯდებოდა ამა თუ იმ პროექტის განხორციელება და რამდენად რეალისტური იყო იდეა”.
რუსთავში საპროექტო იდეების კენჭისყრაში 3236 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. აქედან 529 ხმა, ანუ 16.3% მიიღო ერთმა პროექტმა, რომელიც რუსთაველის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული მოედნის მოწესრიგებას ითვალისწინებს. გამარჯვებული იდეები, ძირითადად, საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, როგორიც არის სკვერის, საკალათბურთო მოედნის, ბავშვთა გასართობი კუთხის, შემეცნებითი ფანჩატურისა და მწვანე ავტოსადგომის მოწყობა.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: “სოფელი მონდომებულია და თავისი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში” – საგარეჯოში მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვამ ახალი პერსპექტივები გააჩინა
არჩილ შუქრიძე, ერთ-ერთი გამარჯვებული იდეის ავტორი: “პროექტის შესახებ ადგილობრივი ტელევიზიით გავიგეთ. სამეზობლო შევთანხმდით, რომ ყველაზე კარგი ბავშვებისთვის ეზოში გასართობი სივრცის მოწყობა იქნებოდა. ისეთი ადგილი შევარჩიეთ, ნაგავსაყრელად რომ იყო ქცეული. წლების განმავლობაში უბნის თავმჯდომარეს ვთხოვდით, მერიაში შეეტანა განცხადება სკვერის მოწყობაზე, მაგრამ ეს იდეა აქამდე ვერ განხორციელდა. ამ პროექტმა კი შანსი მოგვცა, ჩვენს ეზოში სკვერი მოვაწყოთ ბილიკებით, განათებით, მოსასვენებელი სკამებით, ბავშვთა გასართობი მოედნითა და ატრაქციონებით. ამ შესაძლებლობისთვის მერიას და GIZ-ს დიდი მადლობა. ახლა მოლოდინში ვართ, როდის დაიწყება პროექტი. საკმაოდ აქტიურად ვიქნებით ჩართული, დახმარებისთვის, თუ რაიმე იქნება საჭირო, მზად ვართ. ასეთი პროექტები ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. თუკი მომავალშიც გაგრძელდება მოქალაქეთა იდეების მიღება, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას”.
მიუხედავად მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წუხილისა, რომ საპილოტე წელს მოქალაქეთა ჩართულობა მაღალი არ იყო, ცხადია, ის მაინც წინგადადგმული ნაბიჯია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საბიუჯეტო პროცესების მოსახლეობის პირდაპირი თანამონაწილეობით დაგეგმვისკენ პირველი ნაბიჯები გადაიდგა.
ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია გულუა ამბობს, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის სფეროში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. ამიტომაც, ყველა ტიპის ინიციატივა, რაც ამ მიმართულებით ქვეყანაში გადაიდგმება, ვითარებას მკვეთრად გააუმჯობესებს.
“საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების გზაზე დიდია საერთაშორისო პარტნიორების (IMF, EU, GIZ, WB, USAID) მხარდაჭერა არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ექსპერტული დახმარების კუთხით, რაც უმნიშვნელოვანესია რეფორმების სწორი მიმართულებით წარმართვისთვის. საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების წარმატებას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო შეფასება, მათ შორის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით. ღია ბიუჯეტის ინდექსით (Open Budget Index) საქართველო, 2019 წლის შეფასებით, მე-5 ადგილს იკავებს მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის და “სრულიად გამჭვირვალე” ქვეყნების ჯგუფშია. საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით საქართველოს 28 ქულა აქვს, რაც მსოფლიოს 117 ქვეყნის საშუალო ქულას 2-ჯერ აღემატება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის სფეროში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ამ მიმართულებით აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორების როლი, მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად და სამართლიანი და დემოკრატიული სისტემების შექმნის ხელშეწყობისთვის”, – ამბობს ნათია გულუა.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: პროგრამა, რომელიც სოფლად მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას ცვლის – ქედის მუნიციპალიტეტი მონაწილეობითი ბიუჯეტირების მეორე ტალღისთვის ემზადება
სწორედ ეს მიზანი ამოძრავებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასაც (GIZ), რომელიც, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, 1992 წლიდან საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ეხმარება. 2020 წლის 1 აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალ პროგრამის განხორციელება – “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში”. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს. მისი მიზანია, დაეხმაროს საჯარო დაწესებულებებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების უკეთ მიწოდებასა და მოქალაქეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.
რუსთავში დაწყებული მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამაც სწორედ მოქალაქეთა თანამონაწილეობით, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
სტატია მომზადებულია გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორესა და მასში გამოთქმულ მოსაზრებებზე.