“სოფელი მონდომებულია და თავისი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში” – საგარეჯოში მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვამ ახალი პერსპექტივები გააჩინა

1394

წინა სტატია

საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეების მონაწილეობა – ეს ის ახალი და მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში აქტიურად ინერგება. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა, რომლის განხორციელებაც ადგილობრივმა თვითმმართველობებმა დაიწყეს, ჩვენს სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, საკუთარ დასახლებაში ის პროექტი განახორციელონ, რაც მათ სურთ და ამას კაბინეტებში მჯდომი ჩინოვნიკები აღარ დაუგეგმავენ.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: პროგრამა, რომელიც სოფლად მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას ცვლის – ქედის მუნიციპალიტეტი მონაწილეობითი ბიუჯეტირების მეორე ტალღისთვის ემზადება

პროცედურა, რომელიც მონაწილეობითი ბიუჯეტირებისას გამოიყენება, ასეთია: ყოველწლიურად მერია მუნიციპალიტეტის დასახლებებისთვის გამოყოფს სპეციალურ თანხას და მიმართავს მოქალაქეებს, რომ ამ თანხის ფარგლებში თავად წარადგინონ საპროექტო იდეები. ბუნებრივია, იდეა ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას არ უნდა სცდებოდეს და არც კერძო პირის, ან პირთა ჯგუფის საჭიროებებს უნდა აგვარებდეს – ის მოქალაქეთა საერთო ინტერესებს უნდა გამოხატავდეს. მომდევნო ეტაპზე, საპროექტო იდეების წარდგენის შემდგომ, მათი ავტორები საკუთარ დასახლებაში მხარდამჭერების მოსაპოვებლად აქტიურ კამპანიას ატარებენ. ბოლო ეტაპზე კი დასახლებაში რეგისტრირებული მოქალაქეები პირდაპირ, ან ელექტრონული ფორმით კენჭისყრაში მონაწილეობენ და ხმას მათთვის სასურველ იდეას აძლევენ. მთელ ამ პროცესში მერია, ან მის მიერ სპეციალურად შექმნილი საბჭო, მხოლოდ ფასილიტატორის როლს ასრულებს. მისი უმთავრესი ფუნქცია კი ის არის, რომ მოსახლეობის მიერ შერჩეული იდეები პროექტებად აქციოს და განახორციელოს.

სწორედ ასეთი საუკეთესო პრაქტიკა დაინერგა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შარშან და პანდემიის მიუხედავად, პირველივე წელს მოსახლეობის დიდი ინტერესიც გამოიწვია. ამ მეტად საჭირო პროგრამის დაწყება კი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

პროგრამის მდგრადობისთვის აუცილებელი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, საგარეჯოს მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტისთვის 50 ათასი ლარი გამოყო, რომლითაც 1 გამარჯვებული იდეა განხორციელდება. ერთი შეხედვით, ეს, რა თქმა უნდა, მცირე თანხაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ამ პროგრამის განხორციელება მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით შეუძლია, შემოსავლები კი თვითმმართველობებს მაინცა და მაინც ბევრი ვერა აქვთ, მუნიციპალიტეტი ამ მხრივ, სამწუხაროდ, დიდად ხელგაშლილი, ჯერჯერობით, ვერ არის. ამასთან, GIZ-ის პარტნიორი ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მერიისთვის შეთავაზებული იყო, რომ პირველ ეტაპზე მონაწილეობითი დაგეგმვისთვის ბიუჯეტში მხოლოდ 50 000 ლარი ყოფილიყო გათვალისწინებული და გამარჯვებულად 1 პროექტი გამოვლენილიყო.

„დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ – ამ სლოგანით მუნიციპალიტეტში პროგრამის აქტიური განხორციელება სექტემბრის თვეში დაიწყო. მერიამ გადაწყვიტა, რომ მონაწილეობით ბიუჯეტირებაში მოქალაქეთა მონაწილეობა ელექტრონულად მომხდარიყო, ამიტომაც, GIZ-ის მხარდაჭერით, მომზადდა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ჯერ – იდეების წარდგენა და შემდეგ ხმის მიცემა შეეძლო. პლატფორმის ბმული განთავსდა მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე. პარალელურად, თვითმმართველობა, პოსტერების, ფლაერების, ინფოგრაფიკული კლიპების მეშვეობით, ასევე, პირდაპირი შეხვედრების გზით, მოქალაქეებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების სიკეთეებისა და მასში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა.

კოვიდპანდემიისა და საარჩევნო ციებ-ცხელების მიუხედავად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობა პროგრამაში დიდი ინტერესით ჩართო. მერიაში სულ 23 განაცხადი შევიდა და კენჭისყრის ეტაპზე 14 იდეა გადავიდა, რადგან ცხრამ შერჩევის კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. კრიტერიუმები კი შემდეგი იყო: საპროექტო იდეა უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის უფლებამოსილების შესაბამისი და მისი ბიუჯეტი 50 000 ლარს არ უნდა გასცდენოდა; მისი განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო და, ამასთან, არ უნდა ყოფილიყო მიმდინარე, ან ადგილობრივი ბიუჯეტით შემდგომ წლებში გათვალისწინებული პროექტი.

საგარეჯოს მერის პირველი მოადგილე ალექსი გილაშვილი ამბობს, რომ საპილოტე პროგრამამ მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია და იმედოვნებს, რომ მომდევნო წლისთვის მისი ბიუჯეტი და დასაფინანსებელი იდეების რაოდენობაც გაიზრდება.

„მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მოსახლეობა დაინტერესდა და საკმაოდ ბევრი კარგი იდეა წარმოადგინეს. ხალხმა დაინახა, რომ თავისი სოფლის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და შეუძლია, ის გააკეთოს, რასაც უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მხარდამჭერების მობილიზებას და ჩართულობას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია. მომავალი წლისთვის თანხის გაზრდას ვაპირებთ, 50 000 ლარი ძალიან მცირეა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროექტი გაკეთდეს. რაც უფრო დიდი თანხა იქნება გათვალისწინებული, მით უფრო მეტად საინტერესო იდეები შემოვა და კარგი პროექტები გაკეთდება. ასევე, შესაძლოა, დაფინანსებული პროექტების რაოდენობაც გაიზარდოს“, – ამბობს ალექსი გილაშვილი.

როგორ წარიმართა კენჭისყრის პროცესი?

საგარეჯოში კენჭისყრაში 894 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, აქედან 249 ხმა, ანუ 28% სოფელ კოჭბაანში ღია სპორტული მოედნის მოწყობამ მიიღო. აღსანიშნავია, რომ კოჭბაანი გომბორის ქედზე მდებარე მულტიეთნიკური და მულტიკულტურული სოფელია, სადაც ჯამში 300 ამომრჩეველი ცხოვრობს. კონკურსში კოჭბაანის გამარჯვება თემის მობილიზების საუკეთესო მაგალითი იყო.

ზვიად არჩემაშვილი, გამარჯვებული იდეის ავტორი: „მუნიციპალიტეტის ფეისბუქის გვერდზე ვნახე განცხადება, რომ მერიის მიერ, გერმანულ ორგანიზაციასთან ერთად, გამოცხადებული იყო იდეების კონკურსი, რომელშიც მხოლოდ ერთი გაიმარჯვებდა. იმედი მქონდა, რომ გამარჯვებული ჩვენი ინიციატივა იქნებოდა. ყველას ვთხოვდით, რომ გადაეხედათ საპროექტო წინადადებებისთვის და, თუ ჩვენი იდეა მოეწონებოდათ, ხმა მოეცათ. ასეთი პროექტის განხორციელება ჩვენი სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სპორტული მოედანი რამდენიმე სოფლის ახალგაზრდობას დააკავშირებს. მთელი სოფელი ელოდება, როდის დაიწყება სამუშაოები, რომ ჩვენც აქტიურად ჩავერთოთ. იმ კომპანიას, რომელიც ამ პროექტს განახორციელებს, გვერდში დავუდგებით და ნებისმიერ სამუშაოს შევასრულებთ, რომ სპორტული მოედანი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მუნიციპალიტეტმაც უნდა დაინახოს, რომ სოფელი მონდომებულია და თავისი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში. მომავალში თუ კიდევ გაგრძელდება იდეების მიღება, ჩვენს სოფელში კულტურის ცენტრის მოწყობის ინიციატივას წარვადგენთ“.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: ბიუჯეტი, რომელსაც მოქალაქე თავად გეგმავს – GIZ-ის მხარდაჭერით რუსთავში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა დაინერგა

GIZ-ის პატრნიორი ორგანიზაციის – „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი ლაშა გოცირიძე თვლის, რომ საპილოტე პროგრამამ გაამართლა და იმედოვნებს, რომ წელს მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა, მეტი შედეგის მისაღწევად, საბიუჯეტო კალენდარს გაყვება. „საპილოტე პროექტის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შეიქმნა ინსტიტუციური მექანიზმი იმისთვის, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა მომავალში კიდევ უფრო ეფექტურად გაგრძელდეს. პანდემიისა და საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, 2020 წელს ეს პროექტი რიგი შეზღუდვების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოოდ შედეგი მაინც მიღწეული იქნა. კარგი იქნება, თუ მომავალში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესი საბიუჯეტო კალენდრის მიხედვით დაიგეგმება და მოქალაქეთა წინადადებების მიღება ადრე გაზაფხულზე დაიწყება. ასე უფრო მეტი დრო იქნება მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და კენჭისყრის პროცესში ჩართულობის მასშტაბის გაზრდისთვის“, – ამბობს გოცირიძე.

მხარდაჭერა, რომელსაც მუნიციპალიტეტები განვითარების პარტნიორებისგან მუდმივად იღებენ

საგარეჯოში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის დანერგვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, თუმცა, ეს ერთადერთი მუნიციპალიტეტი არ არის, რომელშიც ორგანიზაცია ამ მეტად საჭირო პროგრამის დანერგვაში ეხმარება. ქედა, ფოთი, ონი, ლანჩხუთი, ზესტაფონი, ხაშური, რუსთავი, ახალქალაქი, მცხეთა, ლაგოდეხი – ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებმა შესაბამისი სწავლებები უკვე გაიარეს და პროგრამის წარმართვისთვის საჭირო ცოდნა მიიღეს. მათგან ორ მუნიციპალიტეტში, ქედასა და რუსთავში კი, პროგრამის პირველი ციკლი უკვე წარმატებით ჩაატარეს.

გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, GIZ 1992 წლიდან ეხმარება საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. 2020 წლის 1 აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალ პროგრამის განხორციელება – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით,  პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს. მისი მიზანია, დაეხმაროს საჯარო დაწესებულებებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების უკეთ მიწოდებასა და მოქალაქეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.

განვითარების პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანიც. ეს სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა გაიზარდოს და დონორ ორგანიზაციებთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, მონაწილეობის ახალ და ეფექტურ ფორმებს ეძებს.

„მოქალაქეთა მონაწილეობის მაჩვენებლის ზრდა გვსურს ყველა სახის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და განსაკუთრებით კი – მუნიციპალურ დონეზე. ამიტომ მონაწილეობის არსებული მექანიზმების წახალისებისთვის სხვადასხვა ღონისძიებას ვეძებთ. რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ჩვენი განვითარების პარტნიორების (დონორების) მხარდაჭერით, წარიმართა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი, რომელიც, პირველ რიგში, მოიცავდა ადგილობრივი ხელისუფლების სწავლებას, როგორ უნდა უზრუნველყონ მოსახლეობის ინფორმირება და მობილიზება, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ბიუჯეტის განაწილებაში. განვითარების პარტნიორებს ძალიან დიდი როლი აქვთ ამ პროცესში, მოსახლეობასთან დიალოგის სწორად წარმართვის უნარების გაძლიერებაში უნდა დაეხმარონ მუნიციპალიტეტებს.  თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებისგან არის მზაობა, რომ მონაწილეობითი დაგეგმვისთვის ბიუჯეტებში თანხა გაითვალისწინონ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას გენდერული საჭიროებები იქნას გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირების  დროს ყველა ასაკობრივი ჯგუფის ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

რას აძლევს ეს პროცესი ადგილობრივ თვითმმართველობას? პირველ რიგში, იმას, რომ მოქალაქეთა მონაწილეობით საბიუჯეტო სახსრების განკარგვა მას აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციით, უკეთ გაიგოს მათი საჭიროებები და ამ საჭიროებების გათვალისწინებით, ეფექტიანად განკარგოს მუნიციპალური ბიუჯეტი, გადაწყვიტოს უფრო მეტი საკითხი და ამით გაზარდოს საკუთარი მოსახლეობის ნდობა ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ.

ამ პროცესიდან ყველაზე მთავარ სარგებელს კი თავად მოქალაქეები იღებენ, ვინაიდან ბიუჯეტის დაგეგმვასა და პროექტების განხორციელებაში ჩართვით, პირველ რიგში, სწორედ მათი იდეებისა და ინიციატივების განხორციელება ხდება. ეს პროცესი ადამიანებში აჩენს რწმენას, რომ ისინი მართლაც არიან ჩართული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, უჩნდებათ უფრო მეტად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საჯარო საკითხების მიმართ და სწამთ, რომ, თუ ამ პროცესში მონაწილეობ, საკუთარი სოფლისა თუ ქალაქის ბედ-იღბალს თავად განაგებენ. სწორედ ამ იმედით, საგარეჯოში მოსახლეობა მათი ჩართულობის ხელშემწყობ მეორე ტალღას ელოდება. მოქალაქეებმა დაინახეს, რომ მათ აქვთ ის ძალა, რომელსაც სოფლის განვითარება შეუძლია.

 

სტატია მომზადებულია გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორესა და მასში გამოთქმულ მოსაზრებებზე.