მელია ზუგდიდზე: ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს, გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე

836

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ზუგდიდში მომხდარ ფაქტს.

„სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში – რიგის, დისტანციის დაცვით.

ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც, რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში.

როგორც კი საფრთხე გაანალიზდა, დარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი.

ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს.

ზუგდიდის ინციდენტმა აჩვენა ერთის მხრივ ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორეს მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა“, – წერს ნიკა მელია „ფეისბუქში“.

დღეს, “ახალი ლიდერების ინიციატივითა” და  “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რამაც დისტანცირების მხრივ პრობლემები შექმნა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 79 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა.