უფასო პური თანასოფლელებისთვის – მარნეულელი ოჯახის თანადგომა საკარანტინო რეჟიმში

44

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში მცხოვრები დალაქიშვილების ოჯახი, რომელსაც საკუთარი პურის საცხობი აქვს, ორი დღის განმავლობაში პურს უფასოდ გასცემს. ამ ფორმით მათ საკარანტინო რეჟიმში და რთულ ვითარებაში აღმოჩენილი თანასოფლელების დახმარება სურთ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

„ერთ წელზე მეტია რაც ჩემს თანასოფლელებს ვემსახურები. იცით რა მდგომარეობაცაა ახლა მარნეულში და მინდოდა პატარა თანაგრძნობა მაინც გამომეხატა თანასოფლელების მიმართ და რაც შემეძლო, ის გავაკეთე“, – ამბობს დავით დალაქიშვილი.

დღეს დავითის დედამ თონეში 120 პური გამოაცხო და ყველა დაარიგა. ერთი ამდენის გამოცხობას დღის ბოლომდე კიდევ გეგმავენ. საკარანტინო რეჟიმზე გადასვლი პირველ დღეს, თამარისში, თითო ოჯახმა ხუთამდე პურის წაღება უფასოდ შეძლო.

დავითი წუხს, რომ ფქვილის მარაგი ძალიან ცოტა აქვს და შესაძლოა, მარნეულში გამკაცრებული სკარანტინო რეჟიმის გამო, მეტის შემოტანა ვერც შეძლონ. თუ მარაგის შევსებას მოახერხებენ, სხვა დღეებში პურზე შეღავათიანი ფასის დაწესებასაც აპირებენ.

„საჭიროების შემთხვევაში, ვისაც არ ექნება ფიზიკურად შეძენის საშუალება, თუნდაც იმ მინიმალურ ფასად, მათთვის მაინც უფასო იქნება“, – ამბობს ის.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.