ზაურ დარგალი: მარნეულში საკმარისი პროდუქტი და მედიკამენტებია

36

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არაა. აღნიშნული განცხადება რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გამოცხადებული ყველა ტენდერი კვლავ ნარჩუნდება, მაგრამ სატენდერო კომისია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეკრებას ვერ ახერხებს.

„რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გავდივართ კონსულტაციებს და გვეცოდინება ზუსტად რა რეჟიმზე გადავალთ ამ მიმართულებით,“ – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მარნეულის მერმა განაცხადა, რომ მერიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული.

„კორონავირუსთან დაკავშირებით რამოდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. ესაა, მოსახლეობის ტესტირება, სოფლის ექიმებთან ერთად ჩვენი წარმომადგენლები სოფლებში, საკრებულოს წევრები, ყველა ჩართულები არიან ამ პროცესში. ასევე, ჩვენ ვიწყებთ მოქალაქეებისათვის დახმარების პროგრამას მედიკამენტებით და სურსათებით,“ – განაცხადა ზაურ დარგალმა,

მარნეულის მერის თქმით, მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების საკმარისი რაოდენობაა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მაღაზიებში სურსათი აღარ იქნება, შემოტანა თბილისიდან მოხდება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.