კახეთში აზერბაიჯანულ დასახლებებს განსაკუთრებულად გააკონტროლებენ

56

მარნეულში მომხდარი ფაქტის შემდეგ, კახეთში აზერბაიჯანულ დასახლებებში განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება დაიწყო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ექიმებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ დაადგინონ აზერბაიჯანულ სოფლებში მაცხოვრებლებს ჰქონდათ თუ არა კავშირი მარნეულში მაცხოვრებლებთან. კიდევ უფრო მეტი ინფორმირებულობისთვის ექიმები ეთნიკურ აზერბაიჯანელენს კორონავირუსის სინპტომების შესახებ დამატებით ინფორმაციას საკუთარ ენაზე მიაწვდიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა და საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგება უნდა უზრუნველყოს. ასევე, პრემიერის განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს შსს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, კარანტინის პერიოდში ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ყოველგვარი ეკონიმიკური საქმიანობა ჩერდება, ასევე, თურნავას განცხადებით, ეკონომიკურ გუნდს დავალებული აქვს, დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალი მოვამზადოს, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ ფუნქციონირებას ბოლნისსა და მარნეულში.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისში სასოფლო-სამეურნეო სამუშოებზე პრობლემა არ შეექმნებათ. ამასთან, სუბარის თქმით, შექმნილია მოხალისეთა 10 ჯგუფი, რომლებიც ყველა ოჯახში შევლენ და თითოეული ადამიანს შეამოწმებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.