“ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო წილოსანს ლანჩხუთში ხმაურით შეხვდნენ

188

“ქართული ოცნების” წევრი, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი ლანჩხუთში მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ხმაურისა და ბრალდებების ფონზე წარიმართა.

ნინო წილოსანი იყო ერთ-ერთი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ხალხის უკმაყოფილება მისმა ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ განმარტებას, თუ რატომ არ დაუჭირა დეპუტატმა მხარი კანონპროექტს.

“ჩემი ამომრჩევლის დაკვეთა არის, რომ 2020 წლის არჩევნები წარიმართოს მაჟორიტარული სისტემით”- უთხრა წილოსანმა მოქალაქეებს.

მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„არავის არ ვემალები, ვისაც აქვს სურვილი შემხვდეს – შევხვდები. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობის მაღალი დონე. ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ქვეყნისთვის ძალიან დიდი რისკების შემცველი, რადგან ბევრი რადიკალური ძალა მოძლიერდებოდა პარლამენტში და იქნებოდა მათი იქ ყოფნის რეალური შესაძლებლობა. არ არის პოლიტიკური მდგომარეობა ისე გაძლიერებული, რაც ჩვენ გვინდოდა რომ მომხდარიყო და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2020 ყოფილიყო გარდამავალი ეტაპი, ამასთანავე დეცენტრალიზაციის ის გეგმა, რომელიც გვაქვს, უნდა დასრულდეს 2024 წელს, რაც გულისხმობს, რომ მაჟორიტარების ჩართულობა ნაკლები იქნებოდა და გაძლიერდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობა. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება და დავიცავ მას ბოლომდე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ლანჩხუთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან აქციას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მართავენ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

“ოცნების” მიერ ჩაგდებული კანონპროექტის გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს.