ნანა კოსტავამ ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორები” დატოვა

859

წინა სტატია

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ნანა კოსტავამ, რომელიც სიძულვილის ენაში არის დადანაშაულებული, ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორები” დატოვა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნანა კოსტავა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების ” თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, მისი გადაყენება საკმარისი არ არის, რის გამოც მის იმპიჩმენტს ითხოვენ.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ არ აპირებს, სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულ ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს, შემდეგ კი დასძინა, რომ ფრაქციაში ან ნანა კოსტავა დარჩება, ან თავად. მისი თქმით, ნანა კოსტავას “კონსერვატორებიდან“ გარიცხვაზე პარტიის ლიდერები იმსჯელებდნენ.

ხოლო, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, ნანა კოსტავას მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის და მისი ტანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა.

თავდაპირველად ნანა კოსტავა ამბობდა, რომ საკრებულოში დეპუტატის მანდატს დატოვებდა, თუმცა, როგორც გუშინ თქვა, საკრებულოს დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.

ქუთაისის საკრებულოდან ნანა კოსტავას წასვლის მოთხოვნით რამდენიმე აქციაც გაიმართა. აქტივისტებმა კი, მის წინააღმდეგ ქუთაისის ქუჩებში პოსტერები გააკრეს.