ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა მერიისა და მონპლაზიერის მიმდებარედ მოწოდების პოსტერები წარწერით #ნანაწადი გააკრეს. პოსტერზე დატანილია სალომე ბარკერის დისა და მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების დროს ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი განცხადებები. ასევე პოსტერზე მითითებულია საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ კანონის მე-11 მუხლი. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
აქტივისტების თქმით, საჯარო სივრცეში დისკომფორტის შექმნას მანამდე გააგრძელებენ, სანამ კოსტავა საკრებულოდან წასვლის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
“როგორც დავაანონსეთ, საჯარო სივრცეში დისკომფორტის შექმნას ვაგრძელებთ. #ნანაწადი ამ მოწოდებით უკვე გავაკარით პლაკატები. ნანა კოსტავამ უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რომელიც საჯარო სამსახურში მომუშავე პირს აკისრია. მან, როგორც პოლიტიკოსმა უნდა აგოს პოლიტიკური პასუხი. არ დავუშვებთ სიძულვილის ენით გვესაუბროს საჯარო პირი. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვერ იაზრებს მისი განცხადების შინაარსის სიმწვავეს მისივე სტატუსიდან გამომდინარე.
ქალბატონო ნანა თქვენს წასვლას საკრებულოდან ნუ გაწელავთ დროში. რაც დროულად მიიღებთ გადაწყვეტილებას მით მალე დასრულდება ჩვენი მხრიდან თქვენი როგორც საკრებულოს წევრის მიმართ დისკომფორტის შექმნა”, – ამბობს აქტივისტი გვანცა თოთაძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნანა კოსტავა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების ” თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, მისი გადაყენება საკმარისი არ არის, რის გამოც მის იმპიჩმენტს ითხოვენ.
გასულ კვირას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ არ აპირებს, სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულ ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს, შემდეგ კი დასძინა, რომ ფრაქციაში ან ნანა კოსტავა დარჩება, ან თავად.
ხოლო, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, ნანა კოსტავას მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის და მისი ტანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა.
თავდაპირველად ნანა კოსტავა ამბობდა, რომ საკრებულოში დეპუტატის მანდატს დატოვებდა, თუმცა, როგორც გუშინ თქვა, საკრებულოს დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.
გუშინ ქუთაისის საკრებულოდან ნანა კოსტავას წასვლის მოთხოვნით აქციაც გაიმართა.