ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავას საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც კოსტავამ სოციალურ ქსელში ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დის, ჟურნალისტის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”. ვიდეოში სალომე ბარკერი თითზე გაკეთებული კონდომით პირჯვარს იწერდა.
ნანა კოსტავამ განაცხადა, რომ მან არ იცოდა თუ გარდაცვლილი გოგონა სალომე ბარკერის და იყო და რომ ეს ვიდეო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გააზიარა.
საკრებულოს დეპუტატის ქმედებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ქუთაისის მერიის წინ კი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდეს. ასევე, დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება საკრებულოდან მისი გაშვების მოთხოვნით. ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებებმა კი გაავრცელეს განცხადება, სადაც წერენ, რომ ნანა კოსტავას არ მიეცემა საშუალება გამოყენოს ადგილობრივი მედიასაშუალების არც ერთი პლატფორმა.
დეპუტატის ქმედება დაგმო საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა, თუმცა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და კოსტავამ საკრებულო უნდა დატოვოს.
მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მოთხოვნით, დღეს ქუთაისის მერიის შენობაში საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ბრიფინგს გამართავს და რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვს.
რაც შეეხება თავად ნანა კოსტავას, ის ამბობს, რომ თავისი ნებით არსად წასვლას არ აპირებს და თუ ვინმე პირადად მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის.