მოძრაობის შეზღუდვა, ტალახი, უსიამოვნო სუნი – მარნეულში, გამსახურდიას ქუჩაზე სარწყავი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოები შეჩერებულია

1063

მარნეულში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე არხზე რამდენიმე თვეა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. „შავ არხზე” ახლა სამუშაოები შეჩერებულია. არსებული ვითარებით შეწუხებულია მიმდებარე ტერიტორიის სამი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები. 200-მდე ოჯახი წუხს, რომ უსიამოვნო სუნი ზაფხულის პერიოდში უფრო გამძაფრდება და ეზოში გმოსვლას ვერ მოახერხებენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

“აქაურობა დაანგირეს და წავიდნენ. ზაფხული მოდის. 10 დღეში ბავშვებჯ გარეთ გავლენ და რას ვიზამთ. მეც ავად ვარ მეშინია არ წავიქცე. ვთხოვ გააკეთონ”…

“10 დღის წინ მოვიდნენ და დაანგრიეს. ხეები მოჭრეს. დატოვეს ასე და წავიდნენ, ვის მივმართოთ”…

“არხი გათხრეს. ასე დატოვეს და წავიდნენ. ვეკითხებით გვეუბნებიან ფინანსური პრობლემა გვაქვსო. ახლო მომავალში სარწყავ წყალს გაუშვენებ და ნახეთ, შენობას ბზარი აქვს უკვე და დანგრევის საფრთხე არსებობს. ბავშვები თამაშობენ იქ. დამცავი ბადე რაც იყო ისიც ამოიღეს და საშიშია”…

რადიო „მარნეულს“ საქართველოს მელიორაციაში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს ხრამარხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში გაიწმინდება მაგისტრალური არხი, მოეწყობა რკინაბეტონის კვეთი და ჩანაცვლდება არსებული ღობე. სამუშაოები 2020 წლის შემოდგომით დაიწყო და მათი სავარაუდო დასრულების თარიღი 2021 წლის ივნისია.

პროექტის ღირებულება 576 000 ლარს შეადგენს.