აუდიტი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახლადდაგებული გზა დაზიანებულია

514

2020 წლის ნოემბერში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა აუდიტის ჯგუფის მოთხოვნით, შერჩევით დაათვალიერეს 2018-2019 წლებში დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები. წარმოდგენილი ინფორმაციით, დათვალიერებით გამოვლინდა, რომ 4 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული, სულ 1,543.0 ათას ლარამდე ღირებულების სამუშაოები შესრულებულია ხარვეზებით. ამის შესახებ საუბარია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლის აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ ახალშენში მისასვლელი გზის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაო, ჯამური ღირებულებით − 434.5 ათასი ლარი. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტი ჩაიბარა ექსპერტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნების საფუძველზე. ობიექტის ჩაბარების პროცესში ჩართული იყო აგრეთვე მუნიციპალიტეტის ინსპექტირების მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელმაც დაადასტურა შესრულებული სამუშაოს მოცულობები ფორმა #2-ით განსაზღვრულ პარამეტრებთან. მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

ობიექტის დათვალიერებით გაირკვა, რომ გზის ბეტონის საფარი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, ობიექტებზე შესრულებულ სამუშაოებს ამოწმებდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფი; ბეტონის გზების ჩაბარებისას ტარდებოდა ბეტონის ლაბორატორიული კვლევა ხარისხის დასადასტურებლად. ამასთანავე, მუნიციპალიტეტი პროექტებს იბარებდა საექსპერტო ორგანიზაციის დადებითი დასკვნის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, მართვის ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების მიღების თავიდან აცილება.

ობიექტების ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი უხარისხობა, ძირითადად, სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომლის გამოვლენაც საექსპერტო დაწესებულების ვალდებულებაა. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს აღნიშნული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

“გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დათვალიერებით გამოვლინდა, რომ 2 ხელშეკრულების ფარგლებში მოწყობილი 1,108.3 ათასი ლარის ღირებულების გზის საფარი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.

გზის ზედაპირზე არსებული ხარვეზი, პასუხისმგებელი პირის ინფორმაციით, გამოწვეულია გეოლოგიური პროცესებით და მისი აღმოფხვრის ვალდებულება მიმწოდებელს არ აქვს. აღნიშნული გზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისას მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა შესწავლილი არსებული ტერიტორიის გეოლოგიური მდგომარეობა და არც პროექტის ავტორისთვის დაუკვეთავს აღნიშნული საკითხის გამოკვლევა. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო შეესწავლა არსებული დაზიანებების გამომწვევი მიზეზები და სამუშაოების უხარისხოდ შესრულების დადასტურების შემთხვევაში, მიმწოდებლის მიმართ გაეტარებინა სამართლებრივი ღონისძიებები, ხოლო თუ დაზიანებები გამოწვეულია გეოლოგიური პროცესებით, აღნიშნული უნდა დაედასტურებინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, რაც არ განუხორციელებია.

თავის მხრივ, საპროექტო ორგანიზაცია ვალდებული იყო პროექტის მომზადების ეტაპზე, ადგილზე შეესწავლა ტერიტორია. გეოლოგიური პროცესების არსებობის შემთხვევაში უნდა ეცნობებინა მუნიციპალიტეტისათვის, რაც მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემდა შეესყიდა არსებულ მდგომარეობაზე მორგებული საპროექტო დოკუმენტაცია და თავიდან აეცილებინა გზის საფარის დაზიანება. დათვალიერებით გამოვლენილი დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების საგარანტიო ვადები გასული არ იყო,”- წერია დოკუმენტში.

აუდიტის დასკვნით, მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს არ ჩაუტარებიათ ობიექტების მონიტორინგი, რაც მათ საშუალებას მისცემდა გამოეკვლიათ ხარვეზების მიზეზები და მიმწოდებლებისათვის მოეთხოვათ დაზიანებების გამოსწორება.

“პასუხისმგებელი პირების განმარტებით, ინფრასტრუქტურული ობიექტის მდგომარეობას მერია ამოწმებს მხოლოდ საგარანტიო ვადის გასვლის ბოლოს. აღნიშნული პრაქტიკა არასწორია, რადგან ვერ უზრუნველყოფს ხარვეზების დროუულ აღმოფხვრას და ინფრასტრუქტურული ობიექტების შეუფერხებლად ფუნქციონირებას,”- წერს აუდიტი.

აუდიტის დასკვნაა, რომ დანერგილი შესრულებული სამუშაოების მიღების კონტროლის სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც მერიის მუდმივმოქმედი ინსპექტირების ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, ასევე საექსპერტო მომსახურების შესყიდვას, რიგ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს  სამუშაოების დადგენილ ხარისხს. ამასთანავე, არ ფუნქციონირებს საგარანტიო პერიოდში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და გამოსწორების მექანიზმი.