მამუკა მდინარაძე საერთაშორისო გამოხმაურებებზე: ჩვენს მეგობრებთან უფრო ბევრს ვიმუშავებთ, რომ ინფორმაციები დეტალურად მივიდეს

488

ჩვენს მეგობრებთან უფრო ბევრს ვიმუშავებთ, რომ ინფორმაციები დეტალურად მივიდეს ყველა დაინტერესებულ ობიექტურ მხარესთან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე საერთაშორისო გამოხმაურებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარტნიორებისაგან მწვავე რეაქციები მოსალოდნელი იყო.

​„ნებისმიერი თქვენგანი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, პირველ ინფორმაციად მიიღებს, რომ დღეს დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და როდესაც ამ ნიუს მიიღებ ინფორმაციების სხვადასხვა წყაროთი, რა თქმა უნდა ეს არის ცუდი და ნეგატიური ინფორმაცია, მაგრამ როგორც კი სიღრმეში ჩახვალ, როგორც კი გაერკვევი, რომ ამის იქით დგას მისი ძალადობა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მისი ნებით კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, მისი განცხადებით კანონის დაუმორჩილებლობა, ის რომ ის ადამიანი, წარსულში არის უკვე მსჯავრდებული კონკრეტული დანაშაულში და ამის შემდეგ გახდა ის ამ პარტიის ფორმალური, მაგრამ მაინც თავმჯდომარე, უკვე გასაგები და ბევრი კითხვის ნისანი საჭირო აღარ არის. ამიტომ ჩვენ ჩვენს მეგობრებთან კიდევ უფრო ბევრ ვიმუშავებთ, რომ ეს ინფორმაციები დეტალურად მივიდეს ყველა დაინტერესებულ ობიექტურ მხარესთან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დაახლოებით 7:30 საათისთვის საპოლიციო ძალები მივიდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სამართალდამცავებმა დილის 9 საათისთვის დააკავეს. ის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა საკუთარი კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან სახანძრო ავტომანქანის კიბის გამოყენებით, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა.

ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. 

მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებებიც. განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც, სადაც ნათქვამია, რომ “დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე”.