17 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „სოფლის კრება“ ჩატარდა. „სოფლის კრებაზე“ ყიზილაჯლოელებმა გადაწყვიტეს თუ რაში უნდა დაიხარჯოს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან, სოფლისათვის გამოყოფილი 20 000 ლარი.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ყიზილაჯლოს მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლის მთავარი პრობლემა გზის და გარე განათების არარსებობაა.
„კარგი რამე თუა ხელს ყველაფერზე მოვაწერ. გზები დანგრეულია ასფალტი გააკეთონ, სადაც საჭიროა გაარემოტონ“.
„კანალიზაცია გააკეთეს და გზა სულ გაფუჭდა. მანქანები ვერ დადის, ტალახში ვისვრებით. კარგი საქმე რომ იყოს ხელს მოვაწერთ. ვნახოთ, განიხილავენ ჯერ“.
„სოფელში კი არის ბევრი რამ, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. გზები ზოგან გაკეთებულია, ზოგან არა. განათებაც გვინდა გაკეთდეს. აქედან ხიდამდე რომ მიდიხარ გზა საშინელ დღეშია,“ – გვეუბნებიან ყიზილაჯლოელები
სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გარე განათების მოწყობას დაუჭირა მხარი. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ამ დრომდე ჩატარებულ სოფლის კრებებზე მოსახლეობამ უმეტესწილად გარე განათების მოწყობას დაუჭირა მხარი.
„გუშინდელიდან მოყოლებული დაწყებული გვაქვს სოფლებში სიარული, მოსახლეობასთან შეხვედრა და მათი მოთხოვნების გათვალისწინება. დღეს ვიყავით ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულის ორ სოფელში, აზიზქენდში და გაჯისქენდში, და ახლა ვიმყოფებით სოფელ ყიზილაჯლოში. დღევანდელი დღის ჩათვლით, იმ სოფლებში სადაც ჩემი გჯუფი ატარებს შეხვედრებს, ყველგან მოითხოვეს გარე განათების მოწყობები. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ამ სოფლებში არსებობს სხვა პრობლემებიც, ესენია შიდა გზების, სასმელი წყლის, სარწყავი არხების სისტემების და ა.შ. რაც შეეხება კონკრეტულად სოფელ ყიზილაჯლოს, აქაც მოსახლეობამ გარე განათების მოწყობა გადაწყვიტა“ – განაცხადა ვუგარ მამედოვმა.
მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, სოფლის კრებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცვით იმართება და შეხვედრის ყველა მონაწილე პირბადეს ატარებს.
მერიის თანამშრომლები მოსახლეობასთან შეხვედრებს სამ ჯგუფად ატარებენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2021 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.
სოფლის საერთო კრებების ჩატარება მუნიციპალიტეტის 84 სოფელში 26 თებერვალს დასრულდება.