მარნეულში ნარიმანოვის ქუჩის მოსახლეობა ამბობს, რომ გზა თვეებია პერიოდულად იტბორება

316

მარნეულში, ნარმანოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ჩიხში გზა იტბორება. როგორც მოსახლეობა ამბობს, პრობლემა თითქმის ერთი წელია არსებობს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის მილი პერიოდულად სკდება და ქუჩაში გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემა მას შემდეგ აქვთ, რაც წყალარინების სისტემის სამუშაოები დაიწყო.

„ამ გზაზე საკანლიზაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, აქ აჩერებდნენ ყოველდღე ტექნიკას და დაზიანდა მილი. დამპირდნენ, რომ ხვალ მოვლენ პატარა ტრაქტორი უნდა მოვიყვანოთო. დაველოდებუ სხვა რა გზაა. მერე, სასმელი წყალიც გაიყვანეს და უფრო გააფუჭეს. 1 თევა ასეთ დღეშია. გააკეთეს რამდენიმეჯერ, მაგრამ ფუჭდება, ახლა ველოდებით ხვალ რას იზამენ“

„1 წელია ასეა. ბავშვები სკოლაშიც ვერ მიდიან. მანქანაც ისვრება. სამრეცხაოში ვართ ყოველ კვირას და ბავშვებიც მანქანით მაგვაყვს, მერე ავტობუსს მიყვებიან სკოლამდე. მეზობლებმა მიმართეს შესაბამის სამსახურებს, გაკეთდა რამდენჯერ და ისევ ფუჭდება ვნახოთ როგორ იქნება“ – ამბობენ ადგილობრივები

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების” კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის წარმომადგენელი როვშან ბაბაქიშიევი ამბობს, ხშირი დაზიანება ერთ-ერთი ადგილობრივის უხარისხოდ გაკეთებული მილსადენის გამო ხდება.

„ყურბანოვს ველაპარაკეთ (ნარიმანოვის ქუჩაზე მცხოვრებს) იქ მისი პირადი ხაზია და მთლიანად შესაცვლელია. თვითონ გაიყვანა ეს ხაზი და უხარისხოა, ამიტომაც ფუჭდება ხშირად. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ამოთხარონ და ჩვენ გავიყვანთ. დამპირდა რომ გათხრის, შევეცდებით ხვალ მოვაგვაროთ პრობლემა“

აღსანიშნავია, რომ მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოს იგეგმება.