აუდიტი: გარდაბნის მერიის თანამშრომლებმა 5 ტონამდე საწვავი შვებულებაში ყოფნის დროს დახარჯეს

431

2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ 5.0 ტონამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს კერძო საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში. ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტმა ასევე გამოავლინა, რომ 500 ლიტრამდე საწვავი დახარჯულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში მყოფი პირების სარგებლობაში არსებულ მანქანებზე. გარდა ამისა, 6.0 ტონამდე საწვავი ავტომობილებში ჩასხმულია სხვადასხვა ქალაქში ისეთ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები არ იმყოფებოდნენ ქვეყნის შიგნით სამსახურებრივ მივლინებაში.

საერთო ჯამში კი, 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 823.7 ათასი ლარის ღირებულების 393.6 ტონა საწვავი.

როგორც ანგარიშში წერია, აუდიტის ჯგუფმა მერიიდან გამოითხოვა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის, აგაი სისტემის მონაცემები, რომელთა ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი.

“სულ 2018-2019 წლებში გამოვლინდა 191 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 3.1 ტონა საწვავი. ასევე შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები.

„აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ 5.0 ტონამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს კერძო საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში. ასევე გამოვლინდა, რომ 500 ლიტრამდე საწვავი დახარჯულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში მყოფი პირების სარგებლობაში არსებულ მანქანებზე.

გარდა ამისა, 6.0 ტონამდე საწვავი ავტომობილებში ჩასხმულია სხვადასხვა ქალაქში ისეთ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები არ იმყოფებოდნენ ქვეყნის შიგნით სამსახურებრივ მივლინებაში.

მერიის წარმომადგენლებთან ერთად აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. გამოვლინდა, რომ ავტომანქანებზე აგაი სისტემის ჩიპი ზოგან მოხსნილი იყო, ხოლო ზოგ შემთხვევაში, არ იყო მყარად დამაგრებული. შესაბამისად, შესაძლებელია აგაი სისტემის ჩიპის გამოყენება სხვა მანქანებზეც. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმისა და მისი არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს,“ – წერია დოკუმენტში.

აუდიტის დასკვნაა, რომ მუნიციპალიტეტს მიერ სათანადოდ არ არის გამოყენებული საწვავის ხარჯვაზე მონიტორინგის განხორციელების ერთ-ერთი ინსტრუმენტი – აგაი სისტემა. შესაბამისად, ვერ კონტროლდება, რამდენად ეფექტიანად და მიზნობრივად იხარჯება თანამშრომლებზე გაცემული საავტომობილო საწვავი. კერძოდ, არ არის შესწავლილი და გაანალიზებული, მიმღები პირები საწვავს მოიხმარენ სამსახურებრივი დანიშნულებით, თუ პირადი მიზნებისათვის. გამომდინარე აღნიშნულიდან, აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით.

„მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი და შესაფერისია დასკვნისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე,“- წერია დოკუმენტში.