რა ქონებას ფლობს გარდაბნის მერი

392

ეკატერინე ბასილაია

დავით კარგარეთელი „ქართული ოცნებიდან“ გარდაბნის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. მანამდე ის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ქონებრივი დეკლარაცია 5-ჯერ აქვს შევსებული, პირველი – 2016 წელს, როცა გარდაბნის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და ჯერჯერობით, ბოლო – 2021 წლის ოქტომბერში, როცა ჯერ კიდევ მერის პირველი მოადგილის პოსტზე მუშაობდა.

დავით კარგარეთელი 37 წლისაა, დაბადებულია თბილისში, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

დეკლარაციის მიხედვით, ოჯახი ფლობს 6 მიწის ნაკვეთს, ყველა ეს ნაკვეთი გარდაბნის სოფელ მარტყოფში მდებარეობს. მათ შორის 2 მიწის ნაკვეთი 100%-იანი წილით გაფორმებულია გარდაბნის მერის სახელზე: 5000 კვ.მ ნაკვეთი მიღებული აქვს 2007 წელს, რეფორმის ფარგლებში; 4000 კვ.მ ნაკვეთი მიუღია 2020 წელს მემკვიდრეობით; 2016 წელს მემკვიდრეობით ასევე მიღებული აქვს 2700 კვ.მ ნაკვეთი, სადაც 200 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 4 დამხმარე ნაგებობა დგას. ამ ქონებას დავით კარგარეთელი 33,3% ფლობს, დანარჩენი 33,3%-ის მფლობელები თამარ გულბანი და გაიანე კარგარეთელი არიან, რომლებიც დიდი ალბათობით, დედა და და არიან. გარდა ამისა, ოჯახი ფლობს კიდევ სამ მიწის ნაკვეთს, რომელიც სხვადასხვა წლებშია ნაყიდი და მეუღლის, თინათინ ძამაშვილის სახელზეა გაფორმებული: 2020 წელს 7500 ლარად ნაყიდია 5000 კვ.მ ნაკვეთი; 2017 წელს 3000 ლარად ნაყიდია 7251 კვ.მ ნაკვეთი; ამ მიწის ნაკვეთთან ერთად ამავე წელს შეძენილია ასევე 250 კვ.მ ნაკვეთი. ყველა ამ უძრავ ქონებას მეუღლე 100%-იანი წილით ფლობს.

გარდაბნის მერი და მისი მეუღლე არ ფლობენ მოძრავ ქონებას; არც ერთი მათგანი სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობენ; ასევე, არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, აღებული არ აქვთ სესხი და არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.

დეკლარაციის შევსების დღეს დავითი კარგარეთელს “ვი-თი-ბი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 3,62 ლარი ჰქონდა, ხოლო თინათინ ძამაშვილს ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 803,96 ლარი.

გარდაბნის მერს 2021 წელს დანაზოგის სახით ასევე აქვს 15000 ლარი.

დავითი კარგარეთელს გარდაბნის მუნიციპალიტეტი მერის პირველი მოადგილის თანამდებობიდან 2020 წლის განმავლობაში 18206,58 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული;

მეუღლეს, თინათინ ძამაშვილს ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სპეციალისტის პოზიციიდან 2020 წელს 3292,8 ლარის შემოსავალი მიუღია.

პირველი დეკლარაცია შევსებულია 2016 წელს, როცა დავით კარგარეთელი გარდაბნის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამ წელს ის მხოლოდ ერთ უძრავ ქონებას ფლობს – 12500 კვ.მ მიწის ნაკვეთს სოფელ მარტყოფში. 2017 წლის დეკლარაციაში უკვე აღნიშნულია სამი უძრავი ქონება: 12500 კვ და 7800 კვ.მ. მიწის ნაკვეთები და 200 კვ.მ საცხოვრებელი სახლი სოფელ მარტყოფში. სამივე ამ ქონებაზე მიწერილია, რომ მემკვიდრეობით მიუღია 2015 წელს, თუმცა, 2016 წლის დეკლარაციაში რატომღაც პირველი უძრავი ქონებაა აღნიშნული, დანარჩენი ორი კი – არა. გარდაბნის მერი 2018 წლისთვის ისევ 3 უძრავი ქონების მფლობელია, თუმცა, ცოტა შეცვლილი მონაცემებით. 12500 კვ.მ მიწის ნაკვეთი 5000კვ.მ-მდეა შემცირებული. მას მიწის ნაკვეთის ნაწილი 40000 ლარად გაუყიდია. გარდა ამისა, 7800 კვ.მ ნაკვეთი უკვე მეუღლის სახელზეა გადაფორმებული.

2019 წელს კარგარეთელი არანაირ თანამდებობას არ იკავებს და დეკლარაციაც შევსებული არ აქვს. უკვე 2020 წელს კი ის გარდაბნის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად მუშაობს. ამ წელს კარგარეთელი 6 უძრავ ქონებას ფლობს. წინა წლებთან შედარებით, დამატებული აქვს 3 უძრავი ქონება: კარგარეთელს 2019 წელს 3000 ლარად უყიდია 2895 კვ.მ მიწის ნაკვეთი; 2020 წელს მემკვიდრეობით მიუღია 4000 კვ.მ ნაკვეთი; ასევე 2020 წელს 7500 ლარად მეუღლეს უყიდია 5000 კვ.მ ნაკვეთი.

2021 წლის დეკლარაციაში ოჯახი ისევ 6 ქონებას ფლობს, თუმცა, 3 ქონების ფართობი და მემკვიდრეობით მიღების წლები მცირედითაა შეცვლილი. ოჯახი ორი წლის წინანდელი 5000 კვ.მ, 7800 კვ.მ, 200 კვ.მ, 2895 კვ.მ , 4000 კვ.მ, 5000 კვ.მ უძრავი ქონება ფართობები ახლა ასე გამოიყურება: 5000 კვ.მ, 2700 კვ.მ, 250 კვ.მ, 7252, 4000 კვ.მ და 5000 კვ.მ.

ბოლო დეკლარაციის მსგავსად, წინა წლების დეკლარაციაც თითქმის ცარიელია. ძირითადად შევსებულია ქონების და საჯარო სამსახურიდან მიღებული შემოსავლების გრაფები.

დავით კარგარეთელს 2015 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან 18000 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

2016-2017 წლებში ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზეა, საიდანაც 2016 წელს 23366,67 ლარის ხელფასი მიუღია, ხოლო 2017 წელს –  20118 ლარის შემოსავალი;

2019 წელს ის გარდაბნის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია და 2019 წლს 12740 ლარის ხელფასი მიუღია.

უკვე 2020 წელს კი, როცა გარდაბნის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა, მას 18206,58 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.