ჩხოროწყუს მერი: ვინც მოსწავლეებს საპირფარეშო გააწმენდინა, ყველა უმკაცრესად დაისჯება

444

შემდეგი სტატია

ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა აცხადებს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩხოროწყუს მერიის შენობაში ერთერთი სკოლის მოსწავლეებს საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ჩხოროწყუს ერთერთი სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობის საპირფარეშოს დაასუფთავების კადრები გუშინ, 31 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადგილობრივი მედიის, რადიო ათინათის ცნობით კი, ინფორმაცია ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც დაადასტურეს.

ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და მომხდარს მიუღებელს უწოდებს.

“თვითნებობას ჰქონდა ადგილი და ეს არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი, რომელსაც გამართლება არ აქვს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის თანამშრომელი, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად ჰქონდა შეხება აღნიშნულ ფაქტთან. სკოლის მოსწავლეები იყვნენ ამ პროცესში ჩართული და ყოფილ დასუფთავების თანამშრომელს ჰყავდა გადმოყვანილი ისინი”,- განაცხადა დავით გოგუამ.

ჩხოროწყუს მერიაში მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები “შაბათობაზე” დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პოლიცია იძიებს.

“პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში – ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა. გაუგებარია, როგორ არ მოიძებნა მერიის შენობაში არავინ, ვინც, შეაჩერებდა ამ მარაზმს და ბავშვებს არ მოუწევდათ იმ სიბინძურის წმენდა”, – წერს მოქალაქე.

ინფორმაციას ადასტურებენ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში. როგორც რადიო “ათინათს” ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მშობლისგან გაიგო, რომელმაც დასუფთავების ამსახველი ვიდეო გამოუგზავნა. ლია ჯალაღონიას თქმით, ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა სამინისტროს და საქმე მოკვლევის ეტაპზეა.