მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება

324

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება.

როგორც გორგოძემ განაცხადა, ცენტრი ახლა მუშაობს საპილოტე პროექტზე სახელწოდებით, „შეფასება განვითარებაზე“, რომლის მიზანია ორ საგანში ელექტრონული პლატფორმის დახმარებით, წლის ბოლოს მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება მოხდეს. მისივე თქმით, პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში მთელ ქვეყნის სკოლებს მოიცავს, ღია და დახურული დავალებების სახით იქნება შედგენილი.

გორგოძის განმარტებით, დახურული დავალებები კომპიუტერის საშუალებით გასწორდება, ხოლო ღია დავალებებს მასწავლებლები შეასწორებენ.

„პროექტის იდეა გახლავთ ის, რომ მეოთხე და მეექვსე კლასებში ისეთი ტესტირება ჩავატაროთ, რომელიც სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ეს არ არის შეფასებები, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ქულებს იღებენ, არამედ ეს არის შეფასება, რომელიც გვეხმარება გავარკვიოთ, რა უჭირს მოსწავლეს, რაში სჭირდება დახმარება და როგორ დავეხმაროთ მათ მიაღწიოს უკეთეს შედეგებს. პროექტი საპილოტე რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ტესტირება იქნება ორ საგანში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასება არის სრულად ელექტრონული, ეს კიდევ ერთი სიახლეა. მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონული რეჟიმში კომპიუტერის საშუალებით ეს ტესტირება გაიარონ. საერთაშორისო შეფასებებში, სადაც ჩვენ ვმონაწილეობთ და რომლის მიხედვითაც ქვეყნების რეიტინგი დგება, შემდეგი წლებიდან სრულად ელექტრონულ შეფასებაზე გადადიან და ფურცელზე შეფასება აღარ მოხდება. ამიტომ ჩვენც ფეხი, რომ ავუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენც გვინდა მოსწავლეები ელექტრონულად ტესტის შესრულებას შეეჩვიონ. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის დროს გამოცდის დაწერა აღარ გაუჭირდებათ. ტესტირება ელექტრონულად ტარდება და გასწორების ნაწილის შემთხვევაში იქნება როგორც დახურული, ასევე, ღია დავალებები.

რაც შეეხება დახურულ დავალებებს, ის გასწორდება კომპიუტერის საშუალებით, ღია დავალებების შემთხვევაში მასწავლებლები იქნებიან ჩართულები, თუმცა, ესეც ელექტრონულად მოხდება და არა ფურცელზე. მასწავლებლის როლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მასწავლებელი იღებს არა მარტო მოსწავლის შედეგს, არამედ თითოეული დავალების მიხედვით შეიძლება ნახოს კონკრეტულ მოსწავლეს რა გაუჭირდა, რა გააკეთა კარგად, შეუძლია თავისი კლასის შედეგი შეადაროს პარალელური კლასის შედეგს, ასევე, შეუძლია თავისი კლასის საშუალო ქულა ქვეყნის საშუალო ქულას შეადაროს. ეს შედეგები მათ აჩვენებთ გაიგონ თავისი მოსწავლეები რა ეტაპზე არიან სხვა მოსწავლეებთან შედარებით”, – განაცხადა გორგოძემ.

მისივე განმარტებით, თუ ელექტრონული ტესტირებების დაწყებამდე სკოლებში ტექნიკური პრობლემა შეიქმნება, ისინი ამ პრობლემას სხვადასხვა საშუალებით გადაჭრიან.