სამინისტრო: მარნეულში მომუშავე მასწავლებელთა ტრანსპორტირება სკოლებმა უნდა უზრუნველყონ

389

მარნეულში მომუშავე მასწავლებლების და ადმინისტრაციის გადაადგილება სკოლებმა უნდა უზრუნველყონ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს.

მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არსებული შეზღუდვების პირობებში სკოლებისთვის ალტერნატიული რეკომენდაციები შეიმუშავა, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მასწავლებელი ან სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ცხოვრობს სკოლიდან მოშორებით, მიზანშეწონილია სხვადასხვა შესაძლებლობის განხილვა.

„სკოლის მიერ დაქირავებულ იქნას სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სკოლაში მიყვანასა და უკან დაბრუნებას. თუ სკოლას აღნიშნული მომსახურების შესასყიდად არ აქვს ფინანსური რესურსი, ხარჯების დაფინანსება მოხდება სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით. სკოლა, რესურსცენტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფას,“ – განაცხადეს სამინისტროში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ქენან ომაროვის თქმით, ამ ეტაპზე არ აქვთ  მონაცემები თუ რამდენ პედაგოგს ან ადმინისტრაციის პერსონალს აქვს ტრანსპორტის საჭიროების აუცილებლობა. მისი განმარტებით, მოკვლევა უკვე მიმდინარეობს.

„სკოლები მუშაობენ ამ თემაზე. არის მასწავლებლები, რომლებიც ახლა  თავიანთ სახლებში იმყოფებიან. არიან პედაგოგები, რომლებიც იურიდიულად სხვა ადგილზე არიან და პრაქტიკულად სხვა ადგილზე ცხოვრობენ. ამაზე მიმდინარეობს სკოლების მხრიდან მოკვლევა“, – ამბობს ომაროვი.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი 1 თებერვლიდან საკლასო ოთახებში განახლდება. მასწავლებელთა ნაწილი მარნეულში თბილისიდან, რუსთავიდან ან სხვა მუნიციპალიტეტიდან დადის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა კი ამ ეტაპზე, შეჩერებულია.