“საყდრისის კომიტეტი” გელათის რეაბილიტაციაზე: ამ მასშტაბის სამუშაოებისთვის ვადები არასაკმარისია

333

წინა სტატია

გელათის სარეაბილიტაციო პროცესის მონიტორინგში “საყდრისის კომიტეტი” ჩაერთო. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

კომიტეტის წევრები სამონასტრო კომპლექსშიც იმყოფებოდნენ და სამუშაოები დაათვალიერეს. კომიტეტის წევრების თქმით, ადგილზე იმაზე მძიმე ვითარება დახვდათ, ვიდრე ელოდნენ და არსებული მასშტაბის დაზიანებების აღმოფხვრა მცირე ვადაში შეუძლებელი იქნება.

“ადგილზე ბევრად უფრო მძიმე სიტუაცია დაგვხვდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ძეგლისთვის მიყენებული ზიანი იმდენად მასშტაბურია, რომ თუ სამუშაოები დროულად არ ჩატარდა საფრთხეები კიდევ უფრო გაიზრდება. ამ მასშტაბის სამუშაოები, წარმოუდგენელია მცირე ვადებში განხორცილდეს, ნაჩქარევად და შესაბამისად არასრულყოფილად შესრულებულმა შესაძლოა მომავალში ძეგლს კვლავ შეუქმნას პრობლემები, ამიტომ მოვუწოდებთ კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად მოახდინოს ვადების კორექტირება და აქცენტი შესასრულებელი სამუშაოების ხარისხზე გაკეთდეს”, – აცხადებენ “საყდრისის კომიტეტში”.

კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გაკეთდეს არის დროებითი გადახურვის სიბრტყეებზე თუნუქის დამცავი შუბლების გაკეთება, ასევე წყალშემკრები სისტემა, რაც ხელს შეუშლის ტაძართან დიდი რაოდენობის წყალის კონცეტრაციას. მათი თქმით, არა საკმარისი არ არის ხარაჩო, რაც ტაძრის ზედა რეგისტრებზე სამუშაოებს აფერხებს და საჭიროა დამატებითი ხარაჩოს მოწყობა.

“საყდრისის კომიტეტის” აქტივისტებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გელათის სარეაბილიტაციო პროცესის მონიტორინგში ჩართვის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართეს, ძეგლზე არსებული ხარვეზების გამოსასწორებელი სამუშაოები კვლავ არაეფექტური გამოდგა.

გელათის მონასტერში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე დროებით გადახურვა რამდენიმე დღის წინ დაზიანდა. ისტორიულ ნაგებობაზე დროებითი სამუშაოების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გასული წლის ზაფხულში, სახურავის რეკონსტრუქციიდან ერთ თვეში, ტაძარში წყალი ჩავიდა და ფრესკები დააზიანა.

მას შემდეგ, რაც ტაძარზე ხარვეზებმა თავი იჩინა და შუა საუკუნეების ნაგებობის უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” დააბრალა. სააგენტოს თქმით, კომპანიამ სახურავი ცუდი ხარისხის კრამიტით მოაპირკეთა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ტენტით გადახურეს. ტაძარს დროებითმა გადახურვამ არ უშველა. ნაგებობაში კვლავ ჩადიოდა წყალი. საზოგადოების მწვავე პროტესტის შემდეგ, სააგენტო იძულებული გახდა სახურავზე ამჯერად თუნუქის გადახურვა მოეწყო, თუმცა, არც ეს დროებითი ღონისძიება აღმოჩნდა მყარი. ორი დღის წინ თუნუქიც დაზიანდა და ტაძარზე სპეციალისტები ისევ ხარვეზების გამოსასწორებლად ავიდნენ.

მომხდარის შემდეგ სააგენტო იძულებული გახდა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები დაეჯარიმებინა და პროცესისთვის ჩამოეშორებინა.

ტაძარზე ახლა სრულად უნდა შეიცვალოს კრამიტი, რომელსაც ახალი კომპანია შეასრულებს.
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.