ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის 52/ კონსტიტუციის ქუჩა 6-ში მდებარე შენობა-ნაგებობა, რომლის პრივატიზაცია სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების დაკმაყოფილების მიზნისთვის მოხდა და დღეს უკვე წარმოადგენს კერძო საკუთრებას, რამდენიმე ოჯახს უკანონოდ აქვს დაკავებული, – ამის შესახებ ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც თავის დროზე სახელმწიფოსგან საკუთრებაში აქვს გადაცემული საცხოვრებელი ფართები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიღებული ფულადი კომპენსაციები.
„ვგულისხმობ იძულებით გადაადგილებულის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა წინაშე სახელმწიფომ თავის ვალდებულება პირნათლად შეასრულა. მათთან ერთად, შენობა უკანონოდ აქვთ დაკავებული ზემოაღნიშნული სტატუსის არ მქონე პირებს, რომლებიც ასევე უხეშად არღვევენ კანონს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, რამდენჯერმე შევხვედით ამ ოჯახებს და არაერთხელ განვუმარტეთ, თუ რა შედეგები შეიძლება დამდგარიყო იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დატოვებენ სხვის საკუთრებას.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს აშკარა კანონდარღვევასთან, ჩვენთვის პრიორიტეტია ღია ცის ქვეშ არავინ დარჩეს, მითუმეტეს, რომ ამ ოჯახებში მცირეწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობენ“, – განაცხადა ჩიკვილაძემ.
მისივე თქმით, ყველა ამ ოჯახს მიცა განმარტება, მათ შორის, წერილობითაც, ასევე, შეპირება, რომ ისინი არ დარჩებიან ღია ცის ქვეშ და ექნებათ ქირით უზრუნველყოფილი ფართები.
„ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა მოიძიეს ფართები, სადაც შეიძლება გადავიყვანოთ აღნიშნული ოჯახები. ამავდროულად, კომპანია, რომლის საკუთრებაშიც არის არსებული შენობა-ნაგებობა, გამოთქვამს სურვილს ფინანსური დახმარება გაუწიოს იმ ოჯახებს, რომელთაც ქონება ან ფულადი დახმარება არ მიუღიათ. ამისთვის ჩვენ ამ კომპანიას ძალიან დიდ მადლობას ვუხდით.
რაც მთავარია, თბილისის მერია მზადაა, სხვა შეჭირვებული ოჯახების მსგავსად, ამ ადამიანებს დაეხმაროს ყველა არსებული სოციალური პროგრამით, ასევე იქირაოს ბინები, რათა ხელი არ შეეშალოს უმნიშვნელოვანეს სოციალურ პროექტს – „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დახმარებას და მათთვის იმ კუთვნილი ფართების გადაცემას, რომელსაც მრავალია წელია უიმედოდ ელოდნენ ჩვენი მოქალაქეები.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ზემოთხსენებულ პირებს, მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული პირობების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყონ უკანონოდ დაკავებული ფართების დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს მივმართოთ შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის“, – განაცხადა გამგებელმა.