მარნეულის „ავტოპარკის“ უფროსის თქმით, წითელი ხიდის ხაზზე ავტობუსი შემდეგ დაზიანებამდე ივლის

339

დღეს, 16 დეკემბერს, მარნეული-წითელი ხიდის მარშრუტზე მოძრავმა ავტობუსმა მოძრაობა განაახლა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

აღნიშნულ მარშრუტზე ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდა რის გამოც მოსახლეობის ნაწილს პრობლემები ექმნებოდათ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას წითელი ხიდის მახლობლად მდებარე სოფელ კირეჩ მუღანლოს მოსახლეობამ, 12 დეკემბერს, განაცხადა, რომ წითელი ხიდიდან მარნეულის მიმართულებით ავტობუსი მხოლოდ 10:00 საათზე გადიოდა, ხოლო უკან 15:30 საათზე ბრუნდებოდა. მარნეულის „ავტოპარკის“ უფროსმა გიგა ჯალაღონიამ მაშინ გვითხრა, რომ ავტობუსის მოძრაობის გრაფიკი შეცვლილი არ იყო, გამოწვეული შეფერხება კი ერთ-ერთი ავტობუსის გაფუჭებამ გამოიწვია.

დღეს, 16 დეკემბერს, გიგა ჯალაღონიამ რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ ავტობუსზე შექმნილი პრობლემა მოგვარებულია.

„ივლის, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, სავარაუდოდ შემდეგ დაზიანებამდე“ – განაცხადა გიგა ჯალაღონიამ

ჯალაღონიას განმარტებით, მარნეული-წითელი ხიდის ხაზზე სულ ორი მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს. დილის 08:00 საათისათვის წითელი ხიდიდან მარნეულის მიმართულებით ერთი ავტობუსი, ხოლო მარნეულიდან წითელი ხიდის მიმართულებით მეორე ავტობუსი გავა. ავტობუსები ბილო მარშრუტს 17:00 საათისათვის შეასრულებენ.