მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მშნებლობა თებერვლის თვეში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ საბირქენდის სკოლის სამშნებლო პროექტის მენეჯერმა გია დავითულიანმა უთხრა. მისი თქმით, სამუშაოების დაწყებამდე რამდენიმე ეტაი აქვთ გასავლელი.
„ხელშეკრულების საფუძველზე, პირველი ხუთი თვე არის პროექტირების სამუშაო და შემდეგ იწყება მშნებლობა. საპროექტო სამუშაოები არის დაყოფილი ოთხ ეტაპად. ორი ეტაპი უკვე გავლილია. 25 იანვარს იქნება მესამე დოკუმენტაციის წარდგენა (დეტალური დოკუმენტაციის) და შემდეგ უკვე, დაახლოებით, 15 თებერვლისთვის მოგვეცემა მშნებლობის ნებართვა. დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები, მობილიზაცია და შემდგომში აქტიური სამშენებლო სამუშაოები,“ – თქვა გია დავითულიანმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლის შენობაში მოსწავლეები 2018 წლის სასწავლო წლის დაწყების შემდგომ არ შესულან. შენობა ამორტიზირებულია რის გამოც მასში სასწავლო პროცესის შეჩერება გახდა საჭირო.
სკოლის მშენებლობის სამუშაოების განხორციელებისათვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდამ 7 343 779 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანიაა ამხანაგობა შპს “ინ-სი” და შპს “ქალაქპროექტი”, რომელმაც სამუშაოების განხორციელება 6 264 667 ლარად შესთავაზა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საჯარო სკოლის შენობა გათვლილი უნდა იყოს 450 მოსწავლეზე და უნდა მოიცავდეს შემდეგ სივრცეებს:
24 საკლასო ოთახი, 4 კაბინეტი ლაბორატორიებით, დირექტორის და მოადგილის კაბინეტი მოსაცდელით, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით, სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი, მანდატურის/დაცვის ოთახი, დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით, საწყობი სასკოლო ინვენტარისათვის, სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის, ბიბლიოთეკა: სამკითხველო წიგნების საცავითა და კომპიუტერული კუთხით, სააქტო დარბაზი (დარბაზი, სცენა, გასახდელები) და ა.შ.