მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა

985

მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახელესთან შეკრებილმა 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ სამი დოკუმენტი გააფორმა.

პირველი დოკუმენტი არის მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბებულია და ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.

მეორე დოკუმენტი წარმოადგენს იმ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, ვინც არჩევნების შედეგების მიხედვით, მოიპოვეს მანდატები, თუმცა უარს აცხადებენ ამ მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე.

მესამე დოკუმენტი კი წარმოადგენს პარტიულ განაცხადს, რომლითაც ისინი მიმართავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს თამარ ჟვანია „სიების ჩახსნასთან“ დაკავშირებით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარტიებმა: „ლელო საქართველოსთვის“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ხელმისმოწერის პროცესს არ ესწრებიან პარტიები: „გირჩი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, მათგან “გირჩი” და “რესპუბლიკური პარტია” აცხადებს, რომ პარლამენტში არ შედიან და დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ, უბრალოდ ამის დამადასტურებლად ცერემონიებში მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავდნენ.