ბიზნესმენი მანანა მიქავა ამბობს, რომ ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები მის შვილს ციხეში ჩასმით დაემუქრნენ. შვილს მომხდარზე საუბარი არ სურს, ამიტომაც ამ ყველაფერზე დედა გვიყვება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
კერძოდ, როგორც მანანა მიქავა ამბობს, შპს “აკვაპარკის” ტერიტორიაზე, რომელიც უკვე წლებია დავის საგანია მას და მერიას შორის, გუშინ, 8 დეკემბერს იმყოფებოდნენ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია და ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსმა მიხეილ ჭკადუა, როგორც მათ აღნიშნეს, გარკვეული სამუშაოების საწარმოებლად.
მანანა მიქავას თქმით, შვილმა უთხრა, რომ აქ ვერანაირ სამუშაოს ვერ განახორციელებდნენ, სანამ სასამართლო დავა ჯერ კიდევ გრძელდება.
“შენ ვინ გეკითხება, მე რას გავაკეთებო. ჭკადუას უთქვამს. გიგა მელიამ კი თქვა, რომ ჩვენ იმდენს გავაკეტებთ, იცი რას გიზამთო? სადაც დედაშენი იჯდა (ციხეში), ამ დღეებში იქ ჩაგსვამთო. მაშინებენ რომ შვილს ციხეში ჩამისვამენ. რატომ უნდა ჩასვას გიგა მელიამ ჩემი შვილი ციხეში, როცა არაფერს არ აშავებს. სასამართლო პროცესი მიდის. ორი პროცესი მოგებული მაქვს. დაველოდოთ ხომ ბოლო პროცესს, რა იქნება”, – უთხრა მანანა მიქავამ “ლაივპრესს”.
ის კვლავ ირწმუნება, რომ მისი მიწის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა, მათ შორის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესია, რასაც ბრალდების ადრესატები უარყოფენ. განმარტავს, რომ დათმობას არ აპირებს და ბრძოლას სამართლებრივი გზით განაგრძობს.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ მანანა მიქავას შვილს არავინ დამუქრებია და ეს ინფორმაცია სიცრუეა.
რაც შეეხება პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში “ლაივპრესს” განუმარტეს, ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. მათ შორის წესრიგდება სანიაღვრე არხები. იმ ტერიტორიაზეც, რომელზეც მანანა მიქავა საუბრობს, მხოლოდ მილის გამოცვლის სამუშაოები მიმდინარეობს, სხვა სახის სამუშაოები იქ არ წარმოებს.
ბიზნესმენისგან განსხვავებით, მერიაში ამბობენ, რომ მიწა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
მანანა მიქავა ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც წლებია დავის საგანია შპს “აკვაპარკს” და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიწა ბიზნესმენმა 2008 წელს შეიძინა. აქ მას აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა ამბობს, რომ ვალდებულები დაპატიმრების გამო ვერ შეასრულა. ის მაშინ ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის და “ლაზიკა კაპიტალისგან” დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლეს.
მანანა მიქავა 2013 წელს გათავისუფლდა. ამ დროისთვის მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი. მოგვიანებით ბიზნესმენმა ზუგდიდის გამგეობას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმებაზე სასამართლო დავაც მოუგო.
მიწის დაბრუნების მოთხოვნით მანანა მიქავამ საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.
ცოტა ხნის წინ სადავო ტერიტორიაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის მშენებლობა დააანონსა.