EMC მთავრობას: დაიცავით ბებუას უფლებები, გათავისუფლებისთვის ყველა ზომა გამოიყენეთ

719

წინა სტატია

უფლებები საქართველო და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას საქმეს ეხმაურება.

EMC მიიჩნევენ, რომ ირაკლი ბებუას მიმართ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას და საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს მიმართავს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური, პოლიტიკური ზომა, რათა ხელი შეუწყონ ირაკლი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოცემის პროცესს. ასევე, უზრუნველყონ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

“ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის პოზიტიური ვალდებულებების გათვალისწინებით უფლებები საქართველო და EMC მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს:

  • გამოიყენოს ყველა გონივრული პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი და სხვა ზომა უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოცემის მიზნით. მათ შორის, ეს საქმე გახადონ ჟენევის მოლაპარაკებებისა და სხვა არაფორმალური პოლიტიკური კომუნიკაციის ფარგლებში პრიორიტეტული განხილვისა და გადაწყვეტის საგანი;
  • ირაკლი ბებუას პატიმრობის პერიოდში უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

ხელმომწერები ორგანიზაციები ასევე გამოთქვამენ მზადყოფნას ირაკლი ბებუას უფლებების დასაცავად გამოიყენონ როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის მექანიზმები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი ბებუამ 30 სექტემბერს აფხაზეთის ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, გალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის ფერებით გაფორმებული ტილო და მასზე დამაგრებული გერბი დაწვა. ოკუპირებული აფხაზეთის საგამოძიებო სამსახურების თანახმად, ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს.

ირაკლი ბებუას 7 დეკემბერს 9-წლიანი პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯეს.