ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო ოკუპირებული გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა დააკავეს.
ირაკლი ბებუამ დროშა “აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავზე დაწვა, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 27 სექტემბრიდან აღნიშნავენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ის დროშის დაწვის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ ქართველების და აფხაზების დაყოფის თარიღი არ უნდა აღინიშნებოდეს. აფხაზები კი წერენ, რომ დაკავებული სასტიკად უნდა დაისაჯოს, ის უნდა დახვრიტონ, ან დაწვან.
ირაკლი ბებუას დაკავების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ცხელი ხაზი” ამოქმედდა. ამ საკითხზე სუსი დღეს, სავარაუდოდ, განცხადებასაც გაავრცელებს.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. შედეგად ტერიტორიის იძულებით დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებებისას, 10 ათასამდე ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.