პრეზიდენტი: რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა

373

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში სამთავრობო აგარაკი “ბიჭვინთის” რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადასვლას ეხმაურება და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ”- წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სამთავრობო აგარაკი “ბიჭვინთა” რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა.

ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.

დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.