საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ აფახაზეთში, ე.წ. აფხაზური დროშის დაწვისთვის დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით პატიმრობა მიესაჯა.
“ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა.
აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.
ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობასა და მის შესაბამის უწყებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს თხოვნითა და მოწოდებით, მათი მანდატის ქვეშ მიიღონ ყველა სათანადო ზომა ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით და ხელი შეუწყონ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი გადმოყვანის პროცესს.
“ირაკლი ბებუას ოჯახი 1993 წლიდან აფხაზეთიდან დევნილია. 2016 წელს ირაკლი დაბრუნდა გალში ხანდაზმული ბებიის მოსავლელად და თბილისში დაბრუნება ვეღარ მოახერხა ე.წ. საზღვრის გადმოკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების არარსებობის გამო. აღსანიშნავია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია, მას ქრონიკული დაავადებები აქვს და გალში ჩაკეტვის შემდეგ, თითქმის 4 წელი არ იღებდა მისთვის აუცილებელ მკურნალობას, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ირაკლი ბებუა ოკუპირებულ გალის რაიონში 30 სექტემბერს, “აფხაზეთის გამარჯვების” ზეიმის პარალელურად ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლები ავრცელებენ, რომელსაც თან ერთვის სიძულვილის შემცველი კომენტარები. მოქალაქეები დაკავებულის სიკვდილით დასჯასაც ითხოვენ. ფეისბუკზე და აფხაზურ ფორუმებში ასევე ატვირთულია ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბებუა სავარაუდოდ გამოკითხვაზე იმყოფება.
ვიდეოში ის ადასტურებს დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა დასძენს, რომ არაფერი აქვს “აფხაზური დროშის” და აფხაზების საწინააღმდეგო. უბრალოდ ფიქრობს, რომ არ უნდა აღინიშნებოდეს ქართველების და აფხაზების გაყოფის თარიღი.
ახალგაზრდა მამაკაცი მომხდარით განაწყენებულ აფხაზებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ კვლავ მეგობრული ურთიერთობები სურს.