ცვლილებების შეტანის შემდგომ მარნეულის 2020 წლის ბიუჯეტი 39 173 100 ლარი გახდა

306

დღეს, 7 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად სამი საკითხი იყო გამოტანილი. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

პირველი საკითხი მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა. საკითხის განხილვისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ცვლილებების შეტანის შემდგომ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტმა 39 173 100 ლარი შეადგინა.

„1 655 000 ლარით შემცირდა მთავრობის მიერ საჯარო სკოლებისათვის გამოყოფილი თანხა. საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯი შემცირდა 110 000-მდე. ჯამში, 1 765 000 ლარამდე საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირება, ასევე საჯარო სკოლების რეაბილიტაციის მიზნით გამოყოფილი თანხები იქნა შემცირებული. რაც შეეხება ბიუჯეტში ადგილობრივი სახსრების ფარგლებში 448 600 ლარის ოდენობით თანხების ცვლილება მოხდა. შემცირდა საკრებულოს სხვადასხვა მიმდინარე ხარჯები 10 000 ლარით, მერიის საქონელისა და მომსახურეობის მუხლი 20 000 ლარით, მერიის გრანტის მუხლიდან 6 000 ლარი, სამხედრო სამსახურის დელეგირებული ტრანსფერის ფარგლებში 6 600 ლარი, 28 000 ლარი კანალიზაციის არაფინანსური აქტივებიდან გაფორმებული ხელშეკრულებების და დარჩენილი ეკონომიების ფარგლებში, 40 000-ით შემცირდა სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის. ბიუჯეტში გვქონდა 50 000 ლარი გათვალისწინებული საახალწლო მორთულობებისთვის, მაგრამ ნათურები, რომლებიც წინა წელს შევიძინეთ ვარგისია და ამ წელსაც გამოიყენება. კაპიტალური დაბანდებისა და დასუფთავების სფეროში შემცირდა 13 000 ლარი. 250 000 ლარით შემცირდა საბავშვო ბაღების სუბსიდია, 45 000 ლარით შემცირდა საახალწლო ღონისძიებების ხარჯები ვინაიდან არ ტარდება. 30 000 ლარით შემცირდა ოჯახებისა და ბავშვების სხვადასხვა მიმდინარე ხარჯები,“ – განაცხადა ვუგარ მამედოვმა

ბიუჯეტიდან შემცირებული 448 600 ლარი სხვადასხვა ხარჯების დასაფარად იქნა დამატებული.

საკრებულოს სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს 2021 წელს რეგიონალური ფონდიდან განსახორციელებელი პროექტების ნუსხა, რომელიც მარნეულის საკრებულომ მოიწონა. რეგიონალური ფონდიდან 2021 წელს მარნეულში 9 პროექტი განხორციელდება.

7 დეკემბრის საკრებულოზე მესამე საკითხი შეეხებოდა მარნეულელი სპორტსმენის წახალისებას. საკრებულოს წევრმა ბესო გეგენიძემ სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ 2020 წლის 4 და 6 ნოემბერს ხორვატიაში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ძიუდოში მარნეულელმა სპორტსმენმა ლუკა კაპანაძემ მეორე ადგილი დაიკავა. საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლუკა კაპანაძეს და მის მწვრთნელს წახალისების მიზნით ფულადი თანხა გადასცეს. სპორტსმენს მარნეულის მერია 1 500 ლარს გადასცემს.