სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მამუკა ბიბილეიშვილი „სენსაციურ მოვლენად“ და „პოლიციის უფროსის მიერ მოწყობილ სპეცოპერაციად“ აფასებს თვითიზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის მის დაჯარიმებას.
ბიბილეიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ 13 დღის განმავლობაში იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, კოვიდზე მკურნალობდა, სიმპტომები აღარ აქვს და ავტომანქანით მიდიოდა სამედიცინო გამოკვლევისთვის, სამტრედიის პოლიიციის უფროსმა კი „ტელეფონზე მოსმენით“ სპეცოპერაცია მოუწყო, სახლიდან 4 კილომეტრში გააჩერეს და 2000 ლარით დააჯარიმეს.
“სენსაციური მოვლენასთან გვაქვს საქმე! მე-13 დღეა ვარ თვითიზოლაციაში, ვინაიდან ვმკურნალობდი კოვიდზე, უკვე არანაირი სიმპტომი არ მაქვს რამდენიმე დღეა. დღეს მე და ჩემი მეუღლე საკუთარი მანქანით გამოვედით სამედიცინი გამოკვლევისთვის. ტელეფონზე მოსმენით სამტრედიის პოლიციის უფროსმა მომიწყო სპეცოპერაცია და გამაჩერა სახლში მისვლამდე 4 კილომეტრში. დამიწერეს 2000 ლარიანი ჯარიმა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა ქუთაისიდან და მაიძულებდნენ გადაყვანას კოვიდსასტუმროში, თითქოს როგორც “დამრღვევს” დარჩენილი 1 თუ 2 დღე იქ უნდა დამესრულებინა, რაზეც წავედი სასტიკი წინააღმდეგი. სასწრაფოს ბრიგადა ქუთაისიდან ჩამოიყვანეს რამდენიმე წუთში, როცა მომაკვდავი ადამიანის გადასაყვანად 5 საათი დამჭირდა გამოძახებაზე.
აი ასე მუშაობს სამტრედიის პოლიცია, მე ვარ კონტროლზე აყვანილი და ამ დროს კოვიდ ინფიცირებულები ქუჩაში თავისუფლად დადიან. არც კრიმინალებთან შეხმატკბილებულ მუშაობაში ეშლებათ ხელი,”- წერს ბიბილეიშვილი.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიის პოლიციის თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს საკრებულოს წევრი მ.ბ, რომელსაც კორონავირუსი 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირებით დაუდგინდა და თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა, თუმცა, მან „დაარღვია დადგენილი წესები, თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და საკუთარი ავტომანქანით, სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა“.