პოლიციამ დააჯარიმა კორონავირუსით ინფიცირებული სამტრედიის საკრებულოს წევრი, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა

353

შემდეგი სტატია

პოლიციამ იმერეთში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული მამაკაცი დააჯარიმა.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, 1973 წელს დაბადებული, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საკრებულოს წევრი მ.ბ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მ.ბ.-ს, 2020 წლის 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად, “კოვიდ-19”-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა.

“მას შემდეგ იგი კოვიდაღრიცხვაზე იმყოფება. ინფიცირებულმა მამაკაცმა დაარღვია დადგენილი წესები, თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და საკუთარი ავტომანქანით, სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა.

სამართალდამცველებმა მ.ბ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000 ლარით იმ დროს დააჯარიმეს, როცა იგი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.