ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაში, ჯანდაცვის სიტემაზე და ექიმებზე ორკესტრირებული შეტევა, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, არის სრულიად გაუმართლებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ჯანდაცვის მინისტრსა თუ სამინისტროზე შეტევა იგივეა, რაც საომარი სიტუაციისა და საომარი მდგომარეობის დროს თავს თავდაცვის მინისტრს დაესხა.
„დღეს, მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ყველამ ვიცით, რომ ჩვენზე ბევრად მდიდარ და ძლიერ ქვეყნებს უჭირთ კოვიდ19-ის შედეგებთან გამკლავება. დღეს და ამ საკითხში, არა ერთმანეთთან ბრძოლის, არა ერთმანეთის შეცდომებსა თუ ხარვეზებზე ჩასაფრების და ასეთი ხარვეზები, რა თქმა უნდა, იარსებებს შექმნილ ვითარებაში, არამედ, გაერთიანების და ერთად დგომის დროა. ამ ფონზე, ექიმებზე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე და ამ სისტემის ხელმძღვანელზე, ჯანდაცვის მინისტრზე, მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, მითუმეტეს, რომ ეს რიგ შემთხვევებში გამოგონილი ისტორიების დაბრალების გზით ხდება, ჯანდაცვის მინისტრის და მთლიანად სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, არა უბრალოდ არასწორია, არამედ გამოდის , რომ მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა.
სამწუხაროდ, ჩვენ არაერთი ფაქტი ვიხილეთ, როდესაც ის ადამიანები, ვინც დღეს ჯანდაცვის სიტემის წინააღმდეგ იბრძვიან, როგორ აწყობდნენ თავყრილობებს ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. გახსოვთ, ამასთან დაკავშირებით არაერთი გაფრთხილება და მოწოდებაც იყო როგორც სპეციალისტების, ასევე ჩვენი მხრიდანაც. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, დღეს და ამ საკითხში, არ არის თავდასხმების, ფეხის დადების, გამოგონილი ამბებით დისკრედიტაციის მცდელობის დრო, რასაც რიგ შემთხვევებში ვაწყდებით”,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, დღეს ერთად დგომა და ამ გამოწვევის ერთად დაძლევა უნდა შევძლოთ.
„ეს ვირუსი არ არის ჩვეულებრივი ყოველდღიური პრობლემა, რომელიც შეიძლება პოლიტიკური ბრძოლის საგნად იქცეს – ეს ვირუსი არის მთელი მსოფლიოს, ჩვენი ქვეყნის და მთელი საზოგადოების პრობლემა და ეს ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ. აქვე, მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და თანამოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან წესები! სამწუხაროდ, შეზღუდვების მიუხედავად, ჯერ კიდევ ფიქსირდება სუფრები და თავყრილობები ოჯახებში, ასევე ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების წესების დარღვევით გადაადგილება ქალაქებსა თუ სოფლებში. გთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და მეტი პასუხისმგებლობით მოვეპყროთ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. დღეს, პირველ რიგში ამაში გამოიხატება საკუთარი ოჯახის, მეზობლის, თანამემამულის და საკუთარი სამშობლოსადმი სიყვარულიც და პასუხისმგებლობაც. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ერთმანეთის პატივისცემით და ერთმანეთის გაფრთხილებით, ამ გამოწვევასაც მალე დავძლევთ და მალე დავუბრუნდებით ცხოვრების და ქვეყნის განვითარების ნორმალურ რითმს”, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან სტუდენტურმა ომბუდსმენმა აქცია გამართა.