ჯანდაცვის მინისტრი: 2023 წელს სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება

589

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წელს, სოციალური შემწეობის მიმღებთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამაზე 80 მლნ ლარია გათვლილი. ეს დაახლოებით 22-23 ათასი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მთავრობა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამის განსახორციელებლად წელს ₾40 მილიონამდე ხარჯავს.

სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას აანონსებდა. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია. ამასთან, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა და ოჯახს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება საარსებო შემწეობა.