ჯანდაცვის მინისტრი: 2023 წლიდან ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება 50 მილიონ ლარამდე იზრდება

419

2023 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება გაორმაგდება და დაახლოებით, 50 მილიონი ლარი გახდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბენეფიტები თითოეულ მოქალაქეს ქრონიკული მედიკამენტების გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ექნება.

„დღეისათვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები უფასოდ იღებენ აფთიაქებში, დაახლოებით, 24 მილიონი ლარით ფინანსდება. 2023 წლის იანვრიდან, რეფერენტული ფასები, ანუ ღირებულების ზედა ზღვარი ამ წამლებზეც დაწესდება. შესაბამისად, იმ 24 მილიონით, რა თანხითაც ახლა ფინანსდება, გაცილებით მეტ მედიკამენტს მოვიცავთ.

ამასთან, მომდევნო წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ბიუჯეტიც გაორმაგდება და 50 მილიონ ლარამდე იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი მოქალაქისთვის, მეტი დასახელების მედიკამენტი გახდება ხელმისაწვდომი, რაც თავის მხრივ, აისახება კიდეც მათ კმაყოფილებაზე“,–განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.