ჯანდაცვის სამინისტროსთან სტუდენტურმა ომბუდსმენმა აქცია გამართა

353

ჯანდაცვის სამინისტროსთან სტუდენტურმა ომბუდსმენმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა ლეგიტიმურ კითხვაზე პასუხები მიიღონ.

ამასთან, ისინი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებენ და მათი წარმომადგებლების თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ადამიანები შესაბამისი სამედიცინო დახმარების არარასებობის გამო იხოცებიან. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ქალბატონი ტიკარაძე შეგვხვდეს და ლეგიტიმურ კითხვებს პასუხი გასცეს. ასევე, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა გარდაცვლილთა გამო, დატოვონ თანამდებობა, თუ ვერ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. გუშინაც გაიმართა ჯანდაცის სამინისტროსთან აქცია, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ ჰქონია. შესაბამისად, ჩვენ მიერ აქციების მოწყობა დამოკიდებული იქნება ჯანდაცვის სამინისროს ლოგიკურ პასუხებზე. ძალიან რთული ეპიდსიტუაციაა, იხოცებიან ახალგაზრდები, მოხუცები ისე, რომ ვერ აღწევენ კლინიკამდე და ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას. ჩვენ ვერ ვიღებთ ვერცერთ ლეგიტიმურ კითხვაზე პასუხს. შესაბამისად, პასუხს ველოდებით და გადაწყვეტილებას შესაბამიასად მივიღებთ“, -განაცხადა სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ თომასიანმა.

ცნობისთვის, გუშინ სამოქალაქო აქტივისტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, თუმცა, დაცვის სამსახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა. ადგილზე ხმაურიც იყო.