მარნეულის მერია: კირეჩ მუღანლოელებს სასმელი წყალი უახლოეს დღეებში მიეწოდება

318

სოფელ კირეჩ მუღანლოში სასმელი წყლის ხაზის გაყვანის მიუხედავად სოფლის მოსახლეობას სასმელი წყალი ჯერ კიდევ არ მიუღიათ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

კირეჩ მუღანლოელები ამბობენ, რომ თვეებია რაც სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები დასრულდა, მაგრამ ისინი კვლავ წყლის მოლოდინში არიან. ერთ-ერთმა კირეჩ მუღანლოელმა, რომელიც ანონიმურობის დაცვით ჩავწერეთ, რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ სასმელი წყლის ხაზზე სერიოზული პრობლემები შეიქმნა. მოსახლეობა ამბობს, რომ ზოგ სახლში მილები შეყვანილი არაა, ხოლო იმ სახლებში სადაც მილები შეიყვანეს ონკანები გაფუჭებულია.

მოსახლეობის თქმით, სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია სოფლის რწმუნებული ეჰთირამ ამირხანლი. ამირხანლიმ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ მერიას აღნიშნული პრობლემის შესახებ უკვე მიმართა.

“ადრე შემოწმებისთვის წყალი გავუშვით. რამდენიმე დღეა მაცხოვრებლები ისევ სარგებლობენ წყლით და შესამოწმებლად გავუშვით. სამუშაოები მარნეულის სოფწყლის ბალანსზე უნდა გადავიდეს. ზოგ ადგილებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და როცა დასრულდება წყლის მიწოდებას დაიწყებენ,” – თქვა ეჰთირამ ამირხანლიმ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შპს „მარნეულის სოფწყალის“ დირექტორმა ნაბი აბდულაევმა განაცხადა, რომ სოფელ კირეჩ მუღანლოს სასმელი წყლის ხაზი ჯერ მისი კომპანიის ბალანსზე გადასული არაა.

“მე ჯერ კირეჩ მუღანლოს წყლის საქმე არ მიმიღია. იქ ჯერ გასაკეთებელია რაღაცეები. მერიიდან მიმართეს იმ კომპანიას რომლეიც სამუშაოებს ასრულებს და შეატყობინეს, რომ შესასწორებელია რაღაცეები. იმ კომპანიამ აუცილებლად თვითონ უნდა შეასრულოს ეს სამუშაო. მერიამ წერილი გაუგზავნა და როცა მორჩებიან მერე ჩვენ ავიღებთ საქმეს,“ – განაცხადა ნაბი აბდულაევმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ სოფელ კირეჩ მუღანლოში სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში სასმელი წყლის ხაზი შპს „მარნეულის სოფწყალის“ ბალანსზე გადავა. „სოფწყალის“ ბალანსზე გადასვლის შემდგომ სოფელში სასმელი წყლის მიწოდება დაიწყება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ კირეჩ მუღანლოში სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოებისათვის, 704 787 ლარიანი, ტენდერი 2018 წელს გამოაცხადა.