მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაში წლებია მოსახლეობას ამორტიზებული გზა აწუხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცენტრალური გზის დაგება დაიწყეს, თუმცა სავალი ნაწილის მხოლოდ ნახევარი დააგეს. დამიაში შიდა გზებიც მოუწესრიგებელია. მოსახლეობა ამბობს, რომ ცუდი გზების გამო მათთან საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ დადიის. როგორც თვითონ ამბობენ, პრობლემით ადგილობრვ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„ჩვენს სოფელში არც შიდა გზა და არც მთავარი გზა არ გვაქვს. ამის გამო არც ტრანსპორტი დადის. ძალიან ძნელია წვიმიან ამინდში სკოლაში სიარული, სულ ტალახიანი ვართ ხოლმე,”- ამბოს თამარ სარქისიანი.
„გზა არ გვაქვს, ტალახი გვაწუხებს, გვინდა რომ დააგონ ასფალტი. საბჭოთა პერიოდიდან ეს პრობლემაა, გზა არ გაუკეთებიათ. ბავშვები სკოლაში მიდიან და ტალახია ხოლმე, მარნეულის მერიასაც მივმართეთ. გვეუბნებიან გავაკეთებთო, მაგრამ ჯერ არ გაუკეთებიათ. ცენტრალური გზის გაკეთება დაიწყეს. ნახევარი გააკეთეს, ნახევარი ისე დატოვეს,“ – ამბობს რომიკ ხაჩატურიანი.
„რაც მახსოვს, ეს გზა სულ პრობლემაა. რაც აქ ვცხოვრობ, გზა არ გვაქვს. ამ წელს გააკეთეს ნახევრად. დაგვპირდნენ, რომ დანარჩენს 2021 წელს გააკეთებენ,“ – თქვა აჰარონ სარქისიანმა.
„მე ვარ სამოცი წლის და სამოცი წელია სოფელში გზის პრობლემა გვაქვს. მივმრთეთ შესაბამის უწყებას, მაგრამ მაინც არავინ არაფერი გააკეთა. გვეუბნებიან წელს გავაკეთებთ, წელი რო გავა, ამ წელს გავაკეთებთ და ასე გადის დრო,“ – თქვა ნელი მისკერიანმა.
როგორც მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყფილებაში აცხადებენ, სოფელ დამიაში ცენტრალური გზის დასრულება 2021 წელს იგეგმება. პროექტი რეგიონალური ფონდის და ადგილობრივი მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 500 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული. შიდა გზების რეაბლიტაცია კი ამ ეტაპზე არ იგეგმება.