ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეიქმნა 13 და გაფართოვდა 17 აგროსაწარმო

386

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა 13 და გაფართოვდა 17 აგროსაწარმო, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 476-მა პირმა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა და ფერმერებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, მიმდინარეობს არაერთი მხარდამჭერი პროექტი, რომლებმაც უკვე მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც.

აღსანიშნავია, რომ მოქმედებს საქართველოს მთავრობის ახალი პროექტი, „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“, რომლის ფარგლებშიც ყველას, ვინც არის, ან ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა შეუძლია მიიღოს უკვე ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით.

მომსახურების მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი.