“მე არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა. მის დონეზე არ და ვერ დავალ”, – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ენმ-ის შტაბი, კალაძე-კობიაშვილთან დაახლოვებული ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.
ლევან კობიაშვილი მელიას ამ განცხადებას “ცილისწამებას” უწოდებს და ამბობს, რომ სამართალდამცავი უწყებები “აუცილებლად დაადგენენ”, ვის ინტერესში იყო, შტაბში გაჩენილიყო ხანძარი.
“ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. კანდიდატმა მელიამ კი უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევაში და კრიმინალთან კავშირში, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა. მისგან განსხვავებით, ჩვენ ტელესპექტაკლებს არ ვდგამთ. მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვევა, მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს მათ ნამდვილ სახეს და კიდევ ერთხელ გამოჩნდება სად არის სიმართლე და სად ამორალური ტყუილები”, – წერს ლევან კობიაშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომლის დავალებითაც, მისივე ინფორმაციით, გლდანში ენმ-ის შტაბს დაესხნენ თავს. როგორც მელიამ აღნიშნა, მის შტაბზე თავდასხმაში ე.წ. კანონიერ ქურდის ნოდარ შუკაკიძის ხელი ურევია. მელია ამბობს, რომ შუკაკიძე ქართული ოცნების გენერალურ მდივანთან კახა კალაძესთან და მმართველი გუნდის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატთან ლევან კობიაშვილთან დაახლოებული პირია, ხოლო მისი ძმა, ლევან შუკაკიძე, პოლიტიკოსის თქმით, მის შტაბთან ახლოს ცხოვრობს.
16 ნოემბერს, ნიკა მელიას შტაბს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა. თავდამსხმელებმა ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.